ჟურნალისტი და მთარგმნელი თეა გვასალია ევროკომისიის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წარსულს იხსენებს. როგორც გვასალია აღნიშნავს, ცვლილებების მიუხედავად, საქართველო “ჰაერში გამოკიდებული” დარჩა.
“ჩემი ევროპისკენ ლტოლვა მაშინ დაიწყო, სულ პატარამ ესპანურის სწავლა რომ ავიჩემე გაგანია ბრეჟნევის ეპოქაში, ქალაქში, სადაც ალბათ ათი ადამიანიც არ ლაპარაკობდა ესპანურად, სიტყვებს რომ ვიგონებდი და ესპანურიათქო, ვამბობდი და მაშინ განმტკიცდა, ჩვენი მეზობლის, მკერავი ციცინო დეიდას სახლიდან „ნეკერმანის“ კატალოგი რომ ამოვიტანეთ, სარაფნის მოდელის შესარჩევად და აღმოვაჩინე, რომ რა ტანსაცმელი, მაგნიტოფონები და ველოსიპედებიც მე მომწონდა, ყველაფერი ევროპაში ყოფილა თავმოყრილი, ჩვენთან კი მხოლოდ „არლიონოკი“ და ვიეტნამური კედები იყიდებოდა და ინდური ჯინსების შემოტანამდეც კი წლები იყო დარჩენილი. იმხელა იმპერიას მე რას მოვერეოდი, ამიტომ ჩემი პატარა ესპანეთი მოვიწყვე ძლივს ნაშოვნი ლექსიკონით და სახელმძღვანელოებით, ღამ-ღამობით ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოსმენილი ესპანეთის რადიოს გადაცემებით და ხულიო იგლესიასის ახლა რომ ზედმეტად დაშაქრული მეჩვენება და მაშინ რომ დაუსრულებლად შემეძლო მესმინა, იმ ხმით და სიმღერებით. საბჭოთა პროპაგანდა კბილებამდე შეიარაღებული იმპერიალისტური ქვეყნებით გვაშინებდა, რომლებიც დღე და ღამე ჩვენზე თავდასხმის გეგმებს აწყობდნენ, მაგრამ ჩვენ „მზიურის“ იმედი გვქონდა, რომლის დანახვაზე და მოსმენაზეც აგრესორები დარცხვენილები უნდა გაბრუნებულიყვნენ უკან. გავიდა ხანი, მე ესპანური ვისწავლე, „მზიურის“ გოგონები გაიზარდნენ, ბრეჟნევს კიდევ რამდენიმე მხცოვანი „გენსეკი“ მიჰყვა უკან, გორბაჩოვმა სსრკ დაშალა, გერმანია გააერთიანა და ჩვენ დავრჩით ასე ჰაერში გამოკიდებულები. უკან, რუსეთისკენ გახედვა ჩვენ არ გვინდა (ღმერთმა დაგვიფაროს), ევროპას და ნატოს ჩვენ არ ვუნდივართ და დავფარფატებთ პეპელასავით წინ და უკან, ხან მაპზე უკეთესით ვიმშვიდებთ თავს, ხან ევროკავშირი გვტუქსავს და საშემოდგომოს გვაყოლებს, ზურგში კი ისევ ის ქარი გვიბერავს და გვჭვალავს, სადღაც 25 წლის წინ რომ უთხრეს შევარდნაძეს რომელიღაც მორიგ სამიტზე, თქვენთვის ნატოს კარი ღიააო და ამან რომ უპასუხა, ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო” – წერს თეა გვასალია.