LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად ზედმეტია, თუკი ეროვნულებიც ექნებათ ჩასაბარებელი… მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში საგნები არჩევითი უნდა იყოს, რათა უნივერსიტეტებმა უკეთესად მომზადებული სტუდენტები მიიღონ“ – თეა გვასალია

169
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე

ჟურნალისტი და მთარგმნელი, თეა გვასალია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ახალ პროექტს ეხმაურება, რომელიც ზოგადი განათლების ეროვნულ მიზანს უკავშირდება.

სამი შვილის დედა საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აფიქსირებს მოსაზრებას დაანონსებულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ტელევიზიებში რა ხდება არ ვიცი, შეიძლება იქაც აქტუალურია ეს თემა, მაგრამ აქ, ფბ-ზე, შემოაგდებს რომელიმე სააგენტო მასწავლებლის, ან მშობლის ან განათლების ე.წ. ექსპერტის (ისე, ნეტა სად, რომელ ორგანიზაციაში არიგებენ ამ ექსპერტების წოდებას ) აზრს განათლების რიგით ხუთიათას მეშვიდე რეფორმის შესახებ და ხოცავს ხალხი ერთმანეთს კომენტარებში, უნდა იყოს თუ არა გამოცდები, თუ კი – რომელ კლასებში (ისეთებიც არიან, ამტკიცებენ, მეთორმეტეშიც უნდა იყოს და ეროვნულებიც ჩააბარონ, სხვა რა საქმე აქვთო ), ზოგი ბოლო ოთხი კლასის ნიშნებით უნივერსიტეტში უგამოცდოდ მიღებას ემხრობა, ზოგი სამწლიან ბაკალავრიატს აპროტესტებს, ზოგი მაგისტრატურის ონლაინ გავლის შესაძლებლობას. განათლების სამინისტრო გვპირდება გრანდიოზულ რეფორმაზე ვმუშაობთო და ვართ ასე, მუდმივი მოლოდინის რეჟიმში. თუ სამინისტროს მშობლების აზრიც აინტერესებს, დავწერ ჩემსას. გამოცდილება, იცოცხლე, მაქვს.

ელენემ ოქროს მედალზე დაამთავრა სკოლა, მელანო და სანდრო მომავალ წელს ამთავრებენ და თუ სასწაული არ მოხდა, მელანოც ოქროს მედლით დატოვებს ჩვენი საყვარელი „ეკზიუპერის“ კედლებს.

ჰოდა, მე, როგორც განათლების სისტემაში კარგად გათვითცნობიერებულ მშობელს, ასეთი აზრი მაქვს: პირველიდან მეხუთე კლასს უნდა ერქვას დაწყებითი განათლება და მეხუთე კლასის ბოლოს ჩატარდეს გამოცდა, უპირველეს ყოვლისა, მშობელს რომ შეექმნას წარმოდგენა, როგორ დასძლია მისმა შვილმა სწავლის პირველი ხუთწლედი. მეექვსედან მეათე კლასის ჩათვლით მოსწავლე მიიღებს საშუალო განათლებას. მეათე კლასის შემდეგაც კი ბატონო, ჩატარდეს გამოცდები, ვისაც პროფესიული განათლების მიღება უნდა, აიღებს საშუალო განათლების ატესტატს და სწავლას შესაბამის კოლეჯში გააგრძელებს.

სკოლაში დარჩენილთათვის, ბოლო ორი წელი, ანუ მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასში, საგნები არჩევითი უნდა იყოს, რათა უნივერსიტეტებმა უკეთესად მომზადებული სტუდენტები მიიღონ. სკოლის გამოსაშვები გამოცდები სრულიად ზედმეტია, თუკი ეროვნულებიც ექნებათ ჩასაბარებელი. სამწუხაროდ, არ მგონია ჩვენთან ბოლო 4 წლის ნიშნებით უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამ გაამართლოს. აი, იქ წავა აღებ-მიცემობა, თუ წავა და ამდენ სკოლას და ამდენ მასწავლებელს ვინ გააკონტროლებს.

ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, ცოტა დასახვეწი კია, განსაკუთრებით მათემატიკის გამოცდა, რომლის შემდგენლები აშკარად მხოლოდ კომაროვის და ვეკუას სკოლადამთავრებული ბავშვებისთვის წერენ მაგალითებს, მაგრამ ეს ყველაზე ადვილი გამოსასწორებელია. ოღონდ ნებისმიერი სახლის მშენებლობა საძირკვლიდან უნდა დაიწყოს და არა სახურავიდან.

ანუ გამოცდებამდე სახელმძღვანელოები უნდა დაიხვეწოს კი არა და, თავიდან დაიწეროს და რაც მთავარია, მასწავლებლის პროფესია ერთ – ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი უნდა გახდეს სკოლაში ახალგაზრდა, მცოდნე კადრების მისაზიდად“ – წერს თეა გვასალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები