LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსეთს შეუძლია დანაყოფები შორეული აღმოსავლეთიდან თუ შუა აზიიდან გააძლიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად დასუსტდება“ – ვახტანგ კაპანაძე ოკუპანტის რესურსებზე

140
ვახტანგ კაპანაძე

„რა თქმა უნდა, რუსეთს რესურსების პრობლემა ეტყობა, პირველ რიგში, ადამიანურ რესურსზეა საუბარი და ამიტომაც სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან დანაყოფები მოჰყავს, ამიტომ ცდილობს მოხალისეები შეკრიბოს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მაინც იმ დანაკარგის შევსება იქნება, რაც რუსეთმა განიცადა და არა გაძლიერება“, – ამის შესახებ „ფორტუნას“ ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველმა და საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ვახტანგ კაპანაძემ განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ნებისმიერ შემთხვევაში, ამ გადასახედიდან, რუსეთი ისეთივე ძლიერი დაჯგუფების შექმნას მაინც ვერ მოახერხებს, რომელიც მას ომის დაწყებამდე ჰყავდა. კაპანაძის მოსაზრებით, რუსეთს ასევე შეუძლია, საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოს, თუმცა რადგან ამ პროცესს დიდი დრო და რესურსი სჭირდება, ეს ახლა რუსეთის ინტერესებში არ შედის.

კითხვაზე – რამდენად შესაძლებელია რუსეთმა ამ პროცესში არსებული მოკავშირეები, იგივე ბელარუსის ძალები გამოიყენოს და რესურსის გაძლიერება ამ ფორმით მოახდინოს, ვახტანგ კაპანაძემ გვიპასუხა, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ამოცანა დგას ძალების წინაშე.

„რუსეთს შეუძლია, გარკვეული ნაწილი დაცვაში გადაიყვანოს, ამისთვის რესურსი დაზოგოს და გარკვეული მიმართულებით პირიქით – გააძლიეროს. მას ასევე შეუძლია დანაყოფები რუსეთის სიღრმიდან, შორეული აღმოსავლეთიდან თუ შუა აზიიდან გააძლიეროს, თუმცა ამ შემთხვევაში თავად დასუსტდება. „თალიბანის“ სიახლოვის პირობებში შუა აზიის დაკარგვა, შესაძლოა ძალიან მძიმედ დაუჯდეს.

ეს არიან ჯგუფები, რომლებიც შორეულ აღმოსავლეთში იმყოფებიან. საუბარია იაპონიის მიმართულებაზე. ასევე, რუსეთის 207-ე არმიაზე, რომელიც შუა აზიის მიმართულებაზე დგას და რომლის გამოყვანაც ნიშნავს, რომ ტაჯიკეთი, უზბეკეთი და შუა აზიის რესპუბლიკები საფრთხის წინაშე დადგებიან, რადგან იქ ნატოს უახლესი შეიარაღებით აღჭურვილი „თალიბანი“ დგას, რომელსაც ამ რესპუბლიკებზე თავისი გავლენის გავრცელების პრეტენზია აქვს.

ხოლო, თუ რუსეთმა შუა აზია დაკარგა, ძალიან მძიმე დღეში ჩავარდება. სხვათა შორის, ამ წარუმატებლობის ფონზე, ასადის რეჟიმის მოხალისეების განწყობაც გარკვეულწილად დაქვეითებულია, საიდანაც რუსეთი ხალხის გადმოსროლას გეგმავდა. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მაინც მსუბუქი ქვეითები იქნებიან და დამხმარე ფუნქციებით, თანამედროვე მექანიზებულ ომში, ისინი ეფექტიანად ვერ იმოქმედებენ, მათ საამისოდ შესაძლებლობა და უნარიც არ გააჩნიათ“, – გვითხრა ვახტანგ კაპანაძემ.

რაც შეეხება ამ პროცესში ბელარუსის ჩართვას, გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის მოსაზრებით, ეს მისთვის (ბელორუსისთვის) უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე უკრაინისთვის.

„ლუკაშენკო რომელი დამოუკიდებელი მოთამაშეა პოლიტიკაში, პუტინით უდგას სული, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ  უფრო მეტადაც ჩაითრიოს. ბელარუსების მხრიდან 4 საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფი მობილიზებულია საზღვართან, ასე რომ ალბათ რუსებს ისინი ჯერ არ სჭირდებათ.“ – განუცხადა „ფორტუნას“ ვახტანგ კაპანაძემ.

კიევის ალყა არის ურთულესი, ამას ორი-სამი არმია სჭირდება – ვახტანგ კაპანაძე უცხოური დაზვერვის ინფორმაციაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g