LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთს თითქმის აღარ ჰყავს ბრძოლისუნარიანი ჯარი, უბრალოდ ცდილობენ გადაარჩინონ ჯარის ნარჩენები – „ქართული ლეგიონის“ მეთაური

148
მამუკააა

მარიუპოლში შესვლის პრობლემა გადაწყდება, როდესაც უკრაინას სპეციფიკურ შეიარაღებას მიაწვდიან, რომელიც დღეს სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა, მამუკა მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გზის საკმაოდ დიდი მონაკვეთი არის რუსული არტილერიის ცეცხლის ქვეშ, რის გამოც ვერ ხერხდება უკრაინის მხრიდან მარიუპოლამდე მიახლოება და ქალაქში შესვლა.

„რუსეთმა ვერ შეძლო ერთი ქარხნის აღება, რომელიც ქალაქშია. საუბარი იმაზე, რომ რუსეთი რომელიმე ქალაქის ან რაიონის აღებას შეძლებს, უკვე აბსურდულია, რადგან რუსეთმა, ფაქტობრივად, ქმედითუნარიანი ჯარი დაკარგა. მათ ძალიან კარგი პიარი აქვთ და თვითონ პუტინიც შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც წამოიწყეს კამპანია უკრაინის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მამულაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთი ახლა ცდილობს, ჯარის ნარჩენები გადაარჩინოს.

„ქართული ლეგიონი არის ყველაზე დიდი უცხოური შენაერთი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. უკრაინის არმია და მათ შორის ჩვენც, წარმატებით ვახორციელებთ სახმელეთო საბრძოლო ოპერაციებს. ხარკოვის ოლქიდან, რომელიც ყველაზე ცხელი ადგილი იყო, თითქმის აღარ ჰყავს ბრძოლისუნარიანი ჯარი რუსეთს. მათთვის შეიქმნა საკმაოდ მძიმე სიტუაცია როგორც ეკონომიკურად, ისე ფიზიკურად ფრონტის ხაზზე, რადგან ვეღარ აღწევენ წარმატებას მოწინავე ხაზზე და უბრალოდ ცდილობენ გადაარჩინონ ჯარის ნარჩენები.

ძალიან სპონტანური გადაწყვეტილება იყო რუსეთის მხრიდან, შემოიჭრას ქვეყანაში, რომელიც 8 წელი ემზადება ომისთვის და რომელსაც ჰყავს ერთ-ერთი ყველაზე გაწვრთნილი არმია. ძალიან გაუწონასწორებელი გადაწყვეტილება იყო და ძალიან დიდი შეცდომა შეუფასებლობა იმის, თუ როგორ მოემზადა უკრაინის არმია. ამაზე რუსებმა პასუხიც აგეს – მათ დაკარგეს ავანგარდი, თუკი ის საერთოდ ჰყავდათ, დაკარგეს ჯარის საუკეთესო ნაწილი, თანაც საკმაოდ დიდი ნაწილი – 2 თვეში დაახლოებით 30 000 მკვდარი ჯარისკაცი ჰყავთ“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

„ქართული ლეგიონის“ მეთაურმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ახლახან მიღებული „ლენდ-ლიზის“ კანონის შესახებ.

„ლენდ-ლიზს“ რაც შეეხება, მგონია, რომ სულ რამდენიმე დღეში შემოტანილი იქნება ტექნოლოგიები, რომელიც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს რუსეთის იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს, რომლებიც ჯერჯერობით იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზე – ეს არის სულ რამდენიმე დღის საკითხი. რუსეთი თვითონ მოექცა როგორც ეკონომიკურ, ისე ფიზიკურ ჩიხში უკრაინაში, რადგან გამოსავალი არ აქვს. ერთადერთი გამოსავალია, რომ როგორც გადაარჩინა თავისი ჯარის ნაწილები, რომლებიც კიევის ოლქში იყვნენ, ისე გადაარჩინოს დანარჩენი ნაწილები, რომლებიც მიმოფანტულია აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები