LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რუსეთს უნდა, რომ საქართველო მძევლად აიყვანოს” – პუტინის თავდასხმა უკრაინაზე და ტყუილები საქართველოზე

154
პუტინი მტავარი

მას შემდეგ, რაც რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთით ფრონტის ხაზზე წარმატებას ვერ მიაღწიეს და სახმელეთო ბრძოლებში არაერთი მარცხი განიცადეს, პუტინმა მორიგ ჯერზე მშვიდობიანი მოქალაქეების დახოცვა გადაწყვიტა. ბოლო დღეებია, უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმებია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გამოაქვეყნა განახლებული მონაცემები მსხვერპლთა შესახებ. ბოლო 1 დღის მონაცემებით, დაღუპულია 19 და დაჭრილია 105 ადამიანი. მანამდე დადასტურებული იყო 14 ადამიანის სიკვდილი. რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიშები მიიტანეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, დედაქალაქ კიევზე. ხელისუფლების მონაცემებით, დაზიანდა ინფრასტრუქტურის 70-მდე ობიექტი, მათ შორის, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგოობიექტები და 40-მდე საცხოვრებელი სახლი.

სარაკეტო თავდასხმების პარალელურად, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, სადაც უკრაინა ტერორიზმში დაადანაშაულა და ერთ-ერთ ასეთ ფაქტად ყირიმის ხიდის აფეთქება მოიყვანა. სწორედ ამ საკითხზე საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა პუტინს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთულმა ტრანსპორტმა გაიარა მარშრუტი ბულგარეთი-სომხეთი-საქართველო-რუსეთი. მაშინვე გაჩნდა კითხვები, არის თუ არა ეს პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რატომ გადაწყვიტა პუტინმა ამ ყველაფერში საქართველოს გარევა, რა რისკებს აჩენს და რა უნდა იყოს ამაზე საქართველოს პასუხი, ასევე რას აჩვენებს პუტინის მასირებული შეტევა კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე, ამ თემებზე ჩვენ ექსპერტებს და სამხედრო სპეციალისტებს ვესაუბრეთ.

 

 

პუტინის აგონია თუ ძალის გამოვლინების მცდელობა

 

ყირიმის ხიდის აფეთქების შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები დაზუსტებით ვერ ამბობდნენ, თუმცა ვარაუდობდნენ, რომ ამას პუტინის მორიგი აგრესია მოჰყვებოდა. ეს აგრესია უკრაინის დედაქალაქის გარდა, სხვა ქალაქებსაც შეეხო და ძირითადი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსები, აფეთქდა ავტომობილები, დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაშავდა ათეულობით ადამიანი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 61-ზე მეტი სარაკეტო, 32 საავიაციო დარტყმა და 92 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. მათ შორის ქალაქები: კიევი, ლვოვი, როვნო, ჟიტომირი, ხმელნიცკი, ივანო-ფრანკოვსკი, ვინიცა, ხარკოვი, დნიპრო, კრივოი როგი, ზაპოროჟიე, ნკოლაევი და ოდესა.

უკრაინის არმიის სარდლობის ცნობით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს რუსეთის სამხედრო ძალების 46 ფრთოსანი რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი.

ნატოს მოკავშირეებმა უკრაინას საჰაერო თავდაცვა უნდა მიაწოდონ - ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ: კაია კალასი

კაია კალასი აცხადებს, რომ „უკრაინის გვერდით დგანან და მათ ყველა შესაძლებელი გზით უნდა დაუჭირონ მხარი“.

ამ ფაქტს მალევე დასავლეთის მწვავე რეაქციები მოჰყვა. ევროპელი ლიდერების განცხადებებში გარკვევით იყო ნათქვამი, რომ უკრაინის სამხედრო შეიარაღება გაიზრდებოდა. მათ შორის საუბარი იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე. იმავე დღეს ზელენსკიმ “დიდი შვიდეული” საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.

შეხვედრა ჩანიშნული იყო გაეროშიც, თუმცა თემა რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის უკანონო ანექსია უნდა ყოფილიყო, რაც მალევე შეიცვალა და ქვეყნებმა პუტინის მორიგ აგრესიაზე – სარაკეტო თავდასხმებზე ისაუბრეს.

გაეროში უკრაინის ელჩმა გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე რუსეთი დაგმო და მას “ტერორისტული სახელმწიფო” უწოდა.

გაეროს სხდომამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამ იერიშებმა აჩვენა “სრული სისასტიკე” ომისა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პროვოცირების გარეშე დაიწყო.

“აშშ მძლავრად გმობს რუსეთის დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის მასშტაბით, კიევის ჩათვლით. ამ იერიშებმა გამოიწვია სამოქალაქო პირების სიკვდილი და დაჭრა, განადგურდა სამიზნეები, რომლებსაც არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. ამან კიდევ ერთხელ გამოაჩინა უკრაინის ხალხისთვის ბატონი პუტინის მიერ გამოცხადებული ომის სრული სისასტიკე”, – ამბობს ბაიდენი განცხადებაში.

 

 

პუტინის მორიგი ტყუილი საქართველოზე

 

ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით შექმნილი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი ამტკიცებს, თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობით დატვირთული ტრანსპორტი ბულგარეთი, სომხეთი, საქართველოს გავლით მოხვდა რუსეთში. ამ განცხადებას სამხედრო სპეციალისტები სიცრუეს და საქართველოს დისკრედიტაციას უწოდებენ. გენერალი მამუკა ყურაშვილი “ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ ეს პროვოკაციაა.

“რუსეთს უნდა საქართველოს დისკრედიტაცია. საქართველოს ხელისუფლებას ე. წ. არგაღიზიანების პოლიტიკა აქვს და ამ ფონზე ვხედავთ დისკრედიტაციის მცდელობას, რომ სრულიად უდანაშაულო ქვეყანას, საქართველოს სდებენ ბრალს. 

ჩემი აზრით, უნდა დაისვას საკითხი, რა ფაქტები აქვს მოსკოვს, რის საფუძველზე ამბობენ ასეთ ტყუილს. რუსეთს უნდა, რომ საქართველო მძევლად აიყვანონ. პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს არის ქართული სახელმწიფოს დისკრედიტაციის მცდელობა. ეს არის უსაფუძვლო, ეს არის სიცრუე. მსოფლიოს წინაშე უნდათ საქართველო წარმოაჩინონ, როგორც უკონტროლო ტერიტორია”, – აცხადებს გენერალი. 

სწორედ კიევსა და სხვა ქალაქებზე დაწყებული შეტევის შემდეგ, უკრაინა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ითხოვს, მსგავსი შინაარსის განცხადებები ისმის ცალკეული დასავლელი ლიდერების მხრიდან, უცნობია, რას იზამს საქართველოს ხელისუფლება.

“ქართული ოცნება” ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის გადაწყვეტილებას ელოდება, თუმცა არ აკონკრეტებს რა იქნება ამის შემდეგ მათი ნაბიჯი. ერთადერთი, რასაც მმართველი პარტია ამბობს, არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სამხედრო დანაშაულს სჩადის.

ღუდუშაური: ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება

„მე მივესალმები ობიექტურობას და კომპეტენტურობას“ - აცხადებს ღუდუშაური.

ის, რომ უკრაინაში სამხედრო დანაშაულს აქვს ადგილი, ეს ცალსახაა, მაგრამ რა სტატუსით უნდა შეფასდეს, ამას მე ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ ცალკე შეფასების და გამოძიების საგანია. საერთაშოიროს თანამეგობრობა რა სტატუსსაც მიანიჭებს. იმის მიხედვით ვიმსჯელოთ ამაზე. ცალკეულად მე ამაზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა გეუბნებით, რომ სამხედრო დანაშაულს აქვს ადგილი, – ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია. 

საერთაშორიოს ტრიბუნალის შეფასებაზე საუბრობს მმარვთელი პარტიის წევრი დავით სერგეენკოც.

“ყველაფერია ის, რასაც რუსეთი აკეთებს, სიტყვებიც კი არ არსებობს იმის შესაფასებლად, როცა მშვიდობიან მოსახლეობას ასე ანადგურებენ, მაგრამ რა ტერმინით შეფასდება, ამას საერთაშორისო ტრიბუნალი გადაწყვეტს”, – თქვა სერგეენკომ.

ოპოზიცია კი ღია შეფასებას არ ერიდება და პირდაპირ ამბობს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

“მე მესმის იმ სიფრთხილის, რომელსაც ცივილიზებული სამყარო იჩენს, მაგრამ ტერორისტთან, სამწუხაროდ, მოფერებით და ზედმეტით სიფრთხილით მოქმედება არ კმარა, იმიტომ, რომ ტერორისტი ამას იგებს როგორც თავის სიძლიერეს. რუსეთი არის ტერორისტული სახელმწიფო და მის მიმართ მოქმედებები უნდა იყოს შესაბამისი”, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე. 

უკრაინა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. აღნიშნული სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია სენატმა უკვე გასცა, თუმცა ეს შესასრულებლად სავალდებულო არ არის.

 

დიპლომატებისა და სამხედრო პირების მოლოდინები ომზე

 

ყოფილი ელჩები და დიპლომატები, რომლებიც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არიან გვიხსნიან, რომ კიევზე სარაკეტო თავდასხმები რეალურად დამარცხებული პუტინის სახეა.

დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულ სამეფოში ყოფილი ელჩი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ახლა დასავლეთმა არ უნდა ჩათვალოს, რომ უკან დახევა გამოსავალი იქნება.

“რუსეთის ტერორისტული ქცევის მორიგ გამოხატულებას მაინცდამაინც შურისძიება არ უნდა ვუწოდოთ ყირიმის ხიდის აფეთქების გამო. პუტინი ასე იქცეოდა 24 თებერვლიდან. ეს არის ამ დანაშაულებრივი ომის მორიგი ეპიზოდი, ასევე არის პუტინის მარცხის და  ისტერიის გამოხატულება. არც უკრაინას, არც დასავლურ და არც მთელ ცივილიზებულ სამყაროს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იფიქროს, რაიმე სახის დათმობით შესაძლებელი იქნებოდა ან პუტინის მიერ ახალი ესკალაციის არდაშვება, ან თუნდაც პუტინმა ესკალაციიდან უკან დაიხიოს დროებით, ესეც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს გამოსავლად.

მინდა გითხრათ, რომ ამ ომში გერმანიის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. გერმანიას აქამდე არასდროს უთამაშია ასეთი როლი საერთაშორისო ურთიერთობებში. ის მუდამ პაციფიზმისკენ მიმართული ქვეყანა იყო, რომელიც ხშირად მერკანტილური ინტერესებით მოქმედებდა. შეიძლება მეტი გვინდა გერმანიისგან, მაგრამ ის, რასაც დღეს გერმანია აკეთებს, წარმოუდგენელია. უკვე შეჭრილი იყო რუსეთი უკრაინაში, როცა გერმანიის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ის არ მიიღებდა უკრაინის აღჭურვაში მონაწილეობას, ის რუსეთს არწმუნებდა, რომ უკრაინა გერმანიის მხრიდან დაბლოკილი იქნებოდა ნატოში ,დღეს კი ის არის იარაღის მიმწოდებელი. გერმანია დღეს ახალი ტიპის ლიდერად ყალიბდება, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის რევოლუციურ ცვლილებებს მოასწავებს”, – აცხადებს ბადრიძე.

ამ თემაზე აზრი ვკითხეთ გენერალ მამუკა ყურაშვილსაც.

არ არის გამორიცხული, რომ ყირიმის ხიდთან დაკავშირებით საქმე გვქონდეს სპეცსამსახურებთან, რათა მიზეზი მისცემოდათ პუტინს გენოციდის მოსაწყობად. ეს განპირობებულია არა მხოლოდ ხიდის აფეთქების გამო, არამედ იმით, რომ ბოლო სამი თვეა რუსებს წარუმატებლობა აქვს სახმელეთო ფრონტზე, ერთი ქალაქი, სოფელი არ აქვთ აღებული რუსებს.

არ არის გამორიცხული, ახლა პუტინმა სპეცოპერაციას ანტიტერორისტული ოპერაცია დაარქვას, თუმცა ტერორისტულ აქტებს ის თავად სჩადის. ახლაც, ამ ტერორისტული აქტით, რაც მან ჩაიდინა, დასავლეთს რეალურად უბიძგა, რომ შორს მსროლელი რაკეტები გადასცენ და დარწმუნებული ვარ, გადასცემენ,” – აცხადებს გენერალი.

 

 

magti 5g