მალავდა თუ არა რუსეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ რეალურ სტატისტიკურ მონაცემებს?
ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულმა სააგენტომ წარადგინა მონაცემები, რომელშიც 2020 წელს, ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი ორჯერ მეტია იმ მონაცემთან შედარებით, რომელსაც ქვეყანაში აცხადებდნენ.
მცირე რიცხვებს ასახავს სტატისტიკის მთვლელი ვებგვერდი Worldometer-იც, რომელზეც რუსეთი შემთხვევების რაოდენობით მეოთხე ადგილს იკავებს აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ. ამ მონაცემებით, რუსეთში სულ აღრიცხულია ინფიცირების 3 998 216 და გარდაცვალების 77 598 შემთხვევა.
რუსეთის სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მიერ ( Rosstat) გუშინ წარმოდგენილი მონაცემებით კი, ვირუსმა 2020 წლის განმავლობაში 162 429 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მონაცემები იმ შემთხვევებაც ასახავს, როდესაც გარდაცვალების მთავარ მიზეზად კოვიდ-19 არ არის დასახელებული, თუმცა აღნიშნულია, რომ სიკვდილის მიზეზი შესაძლოა ვირუსი ყოფილიყო.
გარდაცვალების შედარებით ნაკლებ რიცხვზე საუბრის დროს, სამთავრობო ჯგუფის მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მათ მიერ წარმოდგენილ მონაცემებში მხოლოდ ის შემთხვები აისახა, რომლებშიც დადასტურდა, რომ ლეტალური შედეგი კოვიდ-19-ის გამო დადგა.
აღნიშნულ საკითხს ვრცელ მიმოხილვას უძღვნის ფრანგული მედიასაშუალება France 24.
გამოცემა წერს, რომ 2020 წელს რუსეთში სიკვდილიანობის დრამატული ზრდა დაფიქსირდა. შემთხვევების მატებას კი კოვიდპანდემიაც აძლიერებს.
“ორშაბათს გამოქვეყნებული ახალი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილია 162 000 ადამიანზე მეტი.
სტატისტიკის სააგენტოს მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, სიკვდილიანობა გაზრდილია 17,9 %.
ბრიფინგზე ქვეყნის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ თქვა, რომ გარდაცვალების მკვეთრი ზრდა კოვიდინფექციით არის გამოწვეული.” – წერს France 24.
სტატისტიკური მონაცემებით, გასული წლის აპრილიდან-დეკემბრის ჩათვლით, ქვეყანაში 162 429 ადამიანი გარდაიცვალა.
სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 44 435 დაფიქსირდა დეკემბერში.
Rosstat-ი განმარტავს, რომ ვირუსით დაიღუპა 31 550 ადამიანი, ხოლო 12 885 გარდაცვლილის შემთხვევაში, მართალია ტესტის პასუხი იყო დადებითი, თუმცა სიკვდილის მთავარ მიზეზად კოვიდი არ მიიჩნეოდა.