უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთში ფარული მობილიზაცია გრძელდება და ქალაქ ვორონეჟში რეზერვისტების წვრთნა მიმდინარეობს. მათივე ცნობით, რუსები მოძველებული იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის საწყობებიდან ამოღებას აგრძელებენ.
გენშტაბის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, სლოვიანსკის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო დაკავებული პოზიციების შენარჩუნებაზე, დანაკარგებისა და მარაგების შევსებაზე, ასევე შეტევის განახლებისთვის პირობების შექმნაზე.
„მტერმა განახორციელა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საარტილერიო დაბომბვა სტუდენოკის, სვიატოჰირსკის, ბოჰოროდიჩნის, კარნაუხივკასა და ვირნოპილიას დასახლებებში. რუსეთის არმიის საავიაციო ძალებმა განაგრძეს შეტევა დოვგენკეს ტერიტორიაზე. დონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს აქტიურ შეტევითი ოპერაციებს, აგრძელებს ჩვენი ქვედანაყოფების მიმართულებით ცეცხლის გახსნას კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ლიმანის მიმართულებით, მტერი განაგრძობდა ნაღმტყორცნებით და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემით ოზერნესა და დიბროვას რაიონების დაბომბვას. ის ცდილობს ფეხის მოკიდებას ლიმანის დასახლების ტერიტორიაზე. სევეროდონეცკის მიმართულებით, არტილერიის მხარდაჭერით, მტერმა ჩაატარა თავდასხმის ოპერაციები სევეროდონეცკის, ოსკოლონივკასა და ტოშკივკას დასახლებების ტერიტორიებზე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიამ დანაკარგები განიცადა და ადრე დაკავებული პოზიციებისკენ დაიხია. მტერი ცდილობს, წარმატება მოიპოვოს ბახმუტის მიმართულებით, მიაღწიოს ჩვენი ჯარების ზურგის მხარეს და მოშალოს ლოჯისტიკა. მტერი ნაღმტყორცნებისა და საარტილერიო ცეცხლის მხარდაჭერით ახორციელებდა თავდასხმის ოპერაციებს ნაჰირნეს, ვასილივკას, კომიშუვახასა და ვიდროჟენას დასახლებების რაიონებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია.
ავდიივკას მიმართულებით, მოწინააღმეგემ არტილერია გამოიყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ნოვობაჰმუტივკას, ნოვოსელივკა დრუჰას, ვესელეს, ავდიივკას, პისკის და კრასნოჰორივკას დასახლებებში. საჰაერო დარტყმები მიაყენა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას იაკოვლივკას, ავდიივკას, ვესელისა და კამიანკას ტერიტორიებზე. ნოვოპავლივსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებით, მტერმა ცეცხლი გაუხსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ვრემივკას, პოლტავკას, ჩერვონეს, ჰულიაიპოლეს, ორიხივის, კამიანსკეს და სხვა დასახლებებში. უკრაინის თავდაცვის ძალების მოქმედებების შედეგად, მტერმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა და უკან დაიხია ნოვოპოლისა და ნოვოდარივკას დასახლებების რაიონებში.
უკრაინელმა სამხედროებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით მტრის 8 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს 5 ტანკი, 10 ერთეული ჯავშანტექნიკა და მტრის 4 მანქანა. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს „ორლან-10“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მოქმედებების შედეგად განადგურდა მოწინააღმდეგის ტაქტიკური ასეულის ჯგუფი ტექნიკითა და ცოცხალი ძალით. ხარკოვის ოლქში კი უკრაინელმა სამხედროებმა „კა-52“ტიპის საბრძოლო ვერტმფრენი ჩამოაგდეს“, – აცხადებენ გენშტაბში.