რუსული მედია ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორი პირის დაკავებაზე წერს – დღეს ცნობილი ხდება, რომ სამართალდამცავებმა ჯერ ნავალნის თანაგუნდელი, ლიუბოვ სობოლი დააკავეს, ამის შემდეგ კი გავრცელდა ინფორმაცია მისი პრესმდივნის კირა იარმიშის დაპატიმრების შესახებ.
რუსული მედიასაშუალება Gazeta.ru TASS-ზე დაყრდნობით წერს, რომ სობოლი ტაქსით გადაადგილდებოდა, როდესაც სამართალდამცველებმა დააკავეს, მისი დაკავების მიზეზი კი ამ დრომდე უცნობია.
რია ნოვოსტი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციამ დღეს ასევე დააკავა ალექსეი ნავალნის პრესმდივანი კირა იარმიში.
იარმიშის ადვოკატი ვერონიკა პოლიაკოვა აცხადებს, რომ თავად პრესმდივანმა დაურეკა და უთხრა, რომ სადარბაზოსთან დააკავეს.
რაც შეეხება თავად ალექსეი ნავალნის მდგომარეობას, მან დღეს “ინსტაგრამზე” დაწერა, რომ მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესებისა, დანებებას არ აპირებს.
შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ გერმანიაში მკურნალობდა, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნებული ნავალნი მოსკოვში 17 იანვარს შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. მეორე დღე მას სასამართლომ 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მოგვიანებით გამართულ სასამართლო პროცესზე კი მას პირობითი მსჯავრი რეალური პატიმრობით შეეცვალა და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ნავალნი გასული თვიდან შიმშილობს. მისი მკურნალი ექიმის განცხადებით, პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის მესამე კვირაში სწრაფად უარესდება და ის, შესაძლოა, სიკვდილის პირას აღმოჩნდეს.
რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურში კი ამბობენ, რომ ექიმებმა მისი ვლადიმირის საოლქო საავადმყოფოს სტაციონარულ განყოფილებაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
