რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრში 55 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დასკვნითი საღამო გაიმართა.
საიუბილეო დღის განრიგი ძალიან მრავალფეროვანი გამოვიდა და რამდენიმე ღონისძიება გააერთიანა.
17:00 საათზე გოგი ქავთარაძის სახელობის შემოქმედებითი სივრცე გაიხსნა და რუსთავის თეატრის უმნიშვნელოვანესი ფიგურა მისმა მეგობრებმა და მსახიობებმა გაიხსენეს. ქავთარაძე 1999-2004 წლებში თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო და თეატრი ახალ ერაში გადაიყვანა.
18:00 საათზე ფოიეში რუსთავის თეატრის პირველი სპექტაკლის „სირანო დე ბერჟერაკის“ კოსტიუმების გამოფენა გაიხსნა.
19:00 საათზე დიდ დარბაზში საიუბილეო საღამო დაიწყო, სადაც რუსთავის თეატრის მსახიობებთან ერთად მაყურებელს დაუვიწყარი საღამო ცნობილმა ანსამბლებმა და შემსრულებლებმა აჩუქეს. საღამოს ესწრებოდნენ ქართული თეატრალური საზოგადოების და რუსთავის თეატრის პირველი დასის მსახიობები.
რუსთავის თეატრი საიუბილეო საღამოსთვის ემზადება
მუსიკალურ ნომრებს შორის კი სტუმრებს თეატრის მრავალფეროვანი ისტორია შეახსენეს.
საღამოს დასკვნით ნაწილში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, სადაც ლეგენდარულ არტისტებთან ერთად სიგელები ახალგაზრდა მსახიობებს და თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლებს გადასცეს.
რუსთავის თეატრი 1967 წელს გაიხსნა და ის მარჯანიშვილის თეატრიდან წამოსულმა ახალგაზრდებმა დააარსეს. ენთუზიასტებს სათავეში გიგა ლორთქიფანიძე ედგა და თეატრი დღეს სწორედ მის სახელს ატარებს. პირველი პრემიერა ედმონდ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ იყო, რომელიც მაყურებელმა 30 ნოემბერს იხილა. წარმოდგენაში მთავარ როლებს მალხაზ გორგილაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ნოდარ მგალობლიშვილი და თენგიზ მაისურაძე ასრულებდნენ.
ამის შემდეგ იყო 55 წლიანი, ძალიან მრავალფეროვანი ისტორია, უამრავი ნიჭიერი ადამიანი და თეატრალური ტრადიცია რომელიც დღემდე გრძელდება.