საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რუსთავში, ავტობაზრობასთან გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, შეტყობინების მიღების შემდეგ ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ რუსთავში ავტობაზრობის ტერიტორიაზე ერთ-ერთ შენობაში შეინიშნებოდა ღია ცეცხლი. ინიციატორის გადმოცემით, შენობიდან ხანძარი გავრცელებული იყო სიახლოვეს მდგარ რამდენიმე ავტომანქანაზე და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირება.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. მეხანძრე-მაშველებმა დროულად აღკვეთეს ცეცხლის სხვა მანქანებზე გავრცელების საფრთხე და მოახერხეს ხანძრის ლიკვიდირება.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი”,-აღნიშნულია განცხადებაში.


