LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში ერთმანეთს 20-მდე ახალგაზრდა დაუპირისპირდა: პოლიციამ ორი მათგანი დააკავა

173
Capture

სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით რუსთავში ორი პირი დააკავეს.

გუშინ გვიან ღამით, რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში 20-მდე ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ადგილზე სამართალდამცავები მალევე მივიდნენ, რა დროსაც რამდენიმე ახალგაზრდამ, მათ შორის დაკავებულებმა, პოლიციელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლაც განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების გაწევა არავის დასჭირდა.

შსს-ს მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა:

“შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთავში პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობისა და წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით 2 პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ორი პირი – ბ.ბ. და ნ.უ. ქალაქ რუსთავში დააკავეს.
მათ ბრალი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობაში, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლასა და სამართალდამცველთა საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობაში ედებათ.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ სამართალდამცველებმა ქალაქ რუსთავში პატრულირებისას, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 20-მდე ახალგაზრდა შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთდაპირისპირება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა დაპირისპირებაში მონაწილე რამდენიმე პირი, მათ შორის ბ.ბ. და ნ.უ. არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მათ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა ჰაერში გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.
ბ.ბ. და ნ.უ. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით სამართალდამცველები განაგრძობენ ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს.
ჯგუფის მიერ პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g