LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსუდან გლურჯიძე: “საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი ანსამბლი შეიკრა”

45

19 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელი ზურა მაღალაშვილი და მსახიობი ია სუხიტაშვილი სტუმრობდნენ.

სულ ცოტა ხნის წინ, რუსუდან გლურჯიძის  სადებიუტო ნამუშევარი ”სხვისი სახლი” კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზით დაჯილდოვდა. საქართველოს, რუსეთის, საფრანგეთის და ხორვატიის კოპროდუქცია, 1990-იანი წლების საქართველოზე და ომში გადარჩენილ ორ ოჯახზე მოგვითხრობს. მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ეკატერინე ჯაფარიძე და საბინა ახმედოვა ასრულებენ. ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის კინოფესტივალზე შედგა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

რუსუდან გლურჯიძე:

– რუსუდან, რას ნიშნავს თქვენთვის აღიარება, მითუმეტეს, რომ ეს თქვენი პირველი ნამუშევარია?

– ძალიან რთული სათქმელია ზოგადად რას ნიშნავს აღიარება. ეს ალბათ,  იმ მუშაობის დაფასებაა, რაც ჩვენ – მე და ჩემმა ჯგუფმა გავწიეთ.  მნიშვნელოვანია, რომ ფილმის პრემიერა კარლოვი-ვარის ფესტივალზე შედგა და პირველივე ჩვენებას უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა.  ფესტივალი ზოგადად ძალიან წარმატებულია ქართველი რეჟისორებისთვის. გასულ წელს, ”სიმინდის კუნძულმა” მოიპოვა გრან-პრი, რაც ერთგვარ სენსაციადაც შეფასდა. წელს კი, გიორგი ოვაშვილი უკვე ჟიურის წევრი იყო. გარდა ამისა, ფესტივალის პარალელურ პროგრამაში დათა ფირცხალავამ წარმოადგინა თავისი მოკლემეტრჟიანი ნამუშევარი.

– როგორც წესი, რეჟისორი ყველა როლს თავისებურად ხედავს და მის შემსრულებელსაც განსხვავებულად აღიქვამს. შეძლეს თუ არა ფილმში მონაწილე მსახიობებმა თქვენი პირვანდელი ხედვის სრულყოფილად გადმოცემა?

– დროთა განმავლობაში ყველაფერი განიცდის ტრანსფორმაციას. პირველ ეტაპზე, როცა ჯერ მხოლოდ ჩანაფიქრია, ერთი სახე გაქვს წარმოდგენილი, მერე გარკვეული ცვლილებები შეგაქვს და წარმოდგენებიც გეცვლება. საბოლოო ჯამში არაჩვეულებრივი ანსამბლი შეიკრა, დიდი პატივია ჩემთვის, რომ ეპიზოდური როლი ფილმში ბრანკო ჯურიჩმა შეასრულა. აღსანიშნავია, ბავშვების თამაშიც, რომლებიც მართალია, პირველად აღმოჩდნენ გადასაღებ მოედანზე, მაგრამ ძალიან ორგანულად მოერგნენ ყველაფერს.

– რამდენადაც ვიცი, ფილმის შემქმნელებს თანამშრომლობა ჰოლივუდის ვარსკვლავის, ბრედ პიტის საპროდიუსერო კომპანიამ შესთავაზა.

– სამწუხაროდ, არ მაქვს ამ ინფორმაციის გაჟღერების უფლება. გარკვეული კონტაქტები არის, თუმცა კიონკრეტულად საუბარი ძალიან გამიჭირდება.

ია სუხიტაშვილი:

– ია, როგორ მოგწონთ თქვენი პერსონაჟი, რამდენად ახლოსაა ის თქვენთან და რა პირადი თვისებები შესძინეთ მას?

– ჩემი პერსონაჟი საინტერესო, თუმცა რთული შესასრულებელი იყო, რაც ძირითადად მის განწყობას და ცვალებად ხასიათს უკავშირდებოდა.  დიდხანს ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა მიმეღწია ორგანულობისთვის და პერსონაჟიც უფრო ახლოს გამეცნო. არაჩვეულებრივი ატმოსფერო შექმნა გადასაღებ მოედანზე, რაც მუშაობაშიც დამეხმარა და პერსონაჟის ხასიათის ბოლომდე გაგების საშუალებაც მომცა. იმედი მაქვს ქართველი მაყურებელი მალე იხილავს ფილმს და არ დარჩება გულგრილი, რადგან ჩემთვის ეს პირველ რიგში განწყობის ფილმია.

ზურა მაღალაშვილი:

– ბატონო ზურა, რას შემოგვთავაზებს კინოცენტრი ახალი სეზონზე, რეჟისორებისთვის დაფინანსების გაზრდა ხომ არ იგეგმება?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ქართული კინოს წარმატება არა დღეს და გუშინ, არამედ გასულ საუკუნეში დაიწყო. ჩვენ იმ უდიდესი კულტურის მემკვიდრეები ვართ, რაც წინაპრებმა დაგვიტოვეს და არ გავქვს უფლება არ გავაგრძელოთ მათი გზა. რაც შეეხედა დაფინანსებას, მინდა ავღნიშნო, რომ კინოცენტრის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ,  აბსოლუტურად სხვა მხრიდან შევხედე ამ პრობლემას. უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია, არსებობს გარკვეული სისტემური პრობლემები, რაც ნებისმიერი დაფინანსების გაზრდის შემხვევაშიც კი  არ მისცემს ქართულ კინოს განვითარების საშუალებას.

– თქვენ რა გამოსავალს ხედავთ ამ სიტუაციიან?

– 1990-იან წლებში, ჩვენ სადებიუტო, მოკლემეტრაჟიან ფილმებს ყოველთვის დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსებით ვაკეთებდით. ახლაც არიან ნიჭიერი რეჟისორები, მათ შორის გია კულუმბეკაშვილი, რომელსაც არასდროს მოუმართავს კინოცენტრისთვის, თუმცა საკმაოდ კარგ და ხარისხიან ფილმებს იღებს და უკვე მეორე წელია კანის კინოფესტივალზე ხვდება. ასევე ანა სარუხანოვა, რომელსაც მთელი თბილისის კინემატოგრაფიული სამყარო იცნობს, მისი ფილმი კი, ლოკარნოს კინოფესტივალის პროგრამაში მონაწილეობდა. მთავარია, რეჟისორებმა დამოუკიდებლად დაიწყონ მუშაობა თუნდაც მცირე ფილმებზე, კინოცენტრი კი, აუცილებლად ყველას დაეხმარება პირველი სრულმეტრჟიანი ფილმის გაკეთებაში.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები