საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მორიგ სკანდალში ეხვევა.
ВсeПроСпорт-ის ინფორმაციით, ქართველი ჩოგბურთელის მორიგი სასამართლო პროცესი დაიწყება.
ამჯერად, ბასილაშვილს ძველი ინვესტორი უჩივის, რომლის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება დავის მიზეზს, ყოფილი ინვესტორის მტკიცებით, მან ბასილაშვილის წინსვლასა და წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და ამ მიზეზით, ტურნირებიდან მიღებული საპრიზო თანხის გარკვეულ ნაწილს ითხოვს.
„ნიკოლოზ ბასილაშვილს ქართულ სასამართლოში ყოფილ მეუღლესთან აქვს დავა. მას ძალადობაში ადანაშაულებენ. ახლა კი კიდევ ერთი მომჩივანი გამოჩნდა. ინვესტორი, რომელიც ჩოგბურთელისგან თანხას ითხოვს. საქართველოს სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში მრავალმილიონიანი საქმის განხილვა უახლოეს ხანებში დაიწყება“, – უყვება საქმეში გარკვეული პირი სააგენტოს, რომელიც ამ ეტაპზე ინკოგნიტოდ დარჩენას ამჯობინებს.
აღნიშნული მასალის გაცნობის შემდეგ „ფორტუნა“ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატს ირმა ჭკადუას დაუკავშირდა.
ადვოკატს კიდევ ერთი მოჩივანის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„ჩვენ არანაირი სარჩელი არ მიგვიღია და შესაბამისად, ახალი მომჩივანის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“. – განუცხადა „ფორტუნას“ ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბ“ ქვეპუნქტით ედება, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს, 24 მაისს კი 100 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამავე თემაზე:
ლიკა ევგენიძე: „რანაირად გადაიზარდა ბასილაშვილის გამარჯვება, მისი ყოფილი ცოლის დაცინვაში?!“