LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსული ოკუპაციის საფრთხეები და გამოწვევები – როგორ იცვლებოდა დინამიკა

191
არაოკუპაციას

დეოკუპაცია – ეს ის საკითხია, რომლის ირგვლივაც არა მხოლოდ ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების, არამედ თითქმის ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქის პოზიცია ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა – ყველა თანხმდება, რომ დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. თუმცა, მიუხედავად ამ მტკიცე მოსაზრებისა, არსებული რეალობა წლებია ვერ იცვლება – რუსეთი კვლავ განაგრძნობს საქართველოს ტერიტორიებზე მავთულხლართების გაბმას, მოქალაქეების უკანონო გატაცებასა და დატყვევებას, უფრო მეტიც – ჩვენი გმირების მკვლელობას.

რა ნაბიჯებს დგამს სახელმწიფო ოკუპაციის შესაჩერებლად – გეგმები და ამოცანები

დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, ქვეყნის დეოკუპაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, რასაც საზოგადოება მალე გაიგებს, თუმცა რა ნაბიჯებზეა საუბარი, პრემიერს ეს ჯერჯერობით არ უთქვამს. მისი თქმით, დღეს, როდესაც რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია  პასუხი ოკუპაციაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია,” – თქვა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საერთაშორისო სასამართლოს შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ქვეყნის დეოკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – საერთაშორისო სასამართლოს მიერ პირველად მიეცემა შეფასება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ, ეს ქვეყნის დეოუკუპაციისთვის ბრძოლაში ახალი ეტაპი უნდა გახდეს, ეს უნდა გახდეს ახალი მესიჯი იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობამ უწყებათაშორის, კოორდნირებულ დონეზე დეოკუპაციის მიმართულებით უფრო აქტიური მოქმედებები დაიწყოს. ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი და საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია,“ – განაცხადა მთავრობის მეთაურმა და იქვე დასძინა, რომ საამისოდ, პირველ რიგში, მზად უნდა ვიყოთ – გავაკეთოთ განაცხადი 2024 წლისთვის ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე, ქვეყნის ნატოში შემდგომ ინტეგრაციზე, რა თქმა უნდა, პასუხი ოკუპაციაზე და რა თქმა უნდა, პასუხი იმ მოვლენებზე, რომელიც რეგიონში ვითარდება.

„აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის შემდგომი გაღრმავება, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ხდება,” – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.

არსებული მოცემულობა

შეგახსენებთ, რომ მორიგი უკანონო დაკავება ზუგდიდი მუნიციპალიტეტის, სოფელ ხურჩის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგებლებმა საქართველოს,  3 მოქალაქე ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკვეს.

„ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენელმა ცხელი ხაზით დაადასტურა ოკუპირებული აფხაზეთში მცხოვრები 3 პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ასევე ცხელი ხაზით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღნიშული პირები უკანონო პატიმრობაში აღარ იმყოფებიან,“ – ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული აღნიშნული ფაქტი,  მიზანმიმართულ პროვოკაციას წარმოადგენს, რომელიც ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს  მნიშვნელოვნად აზიანებს და საფრთხეს უქმნის, როგორც ადგილობრივი მოსახლეობას, ისე რეგიონში არსებულ სტაბილურობას.

ხურჩაში მომხდარი დაკავება არ გახლავთ ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსი ოკუპანტები ქართველ მოქალაქეებს ე.წ საზღვრის კვეთის გამო აპატიმრებენ, აწამებენ ან სულაც კლავენ, მსგავსი შემთხვევების რიცხვი გაცილებით დიდია შიდა ქართლში, სადაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება მოქალაქეებს საქონლის მწყემსვის ან შეშის შეგროვების დროს, საზვრებთან აკავებენ. არც ისაა ახალი, რომ გატაცების ეს მორიგი სერია, რუსული პროვოკაციის მიზანმიმართული წინაპირობაა. ამას ამბობენ ანალიტიკოსებიც და ფიქრობენ, რომ დეოკუპაციის სტრატეგიაზე მუშაობისთვის მეტი ძალისხმევაა საჭირო.

ანალიტიკოსების შეფასება დეოკუპაციის საკითხზე

ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე „ფორტუნასთან“ საუბრისას პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს და უკანონო გატაცებების შემთხვევებს იხსენებს. ამბობს, მსგავსი შემთხვევების რიცხვი წინა ხელისუფლების დროსაც მაღალი იყო, რაც რეალურად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო.

„პირველად ეს გატაცებები რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, 2 თვეში, ნოემბერ-დეკემბერში დაიწყო. თუ არ ვცდები, ამ პერიოდში, 20-ამდე ადამიანია გატაცებული. 2009 წლიდან უკვე შემთხვევის მატება დაიწყო და პიკს 2013-2014 წლებში მიაღწია, როდესაც გატაცებების რიცხვმა 500-ს გადააცილა. ეს რიცხვი ეხება ორივე რეგიონს – როგორც აფხაზეთს, ისე სამხრეთ ოსეთს,“- ამბობს „ფორტუნასთან“ საუბრისას ამირან სალუქვაძე და იქვე დასძენს, რომ დღეს, ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისა და კინკლაობისთვის იყენებენ, რაც მისი თქმით, სამწუხარო რეალობაა.

„ძალიან ბევრჯერ მოვუწოდე პოლიტიკურ პარტიებს ასეთი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკა და ურთიერთდაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა აქვთ დაყენებული. დეოკუპაციის საკითხს, ისევე როგორც სხვა თემებს, იქნება ეს კრიმინალი, ეკონომიკა თუ სოციალური საკითხები, ყოველთვის სპეკულირებისა და ერთმანეთთან დასაპირისპირებლად იყენებენ, რაც სამწუხარო რეალობაა,“ – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

მისი აზრით, ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი მედიასაც აკისრია, რომელიც მეტწილად უაყოფით როლს თამაშობს, როდესაც ამა თუ იმ ძალების დაკვეთებს ასრულებენ.

„რა თქმა უნდა, მედიაც უარყოფით როლს თამაშობს.  ვიცით, რომ წამყვანი მედიასაშუალებების უმეტესობა ან ერთ,  ან მეორე მხარესა და  პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებენ, რომელსაც მათი მფლობელები აძლევენ. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ტელევიზიებში ვმსჯელობდეთ, თუ როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა სხვადასხვა პრობლემებიდან, მთელი საეთერო დრო პოლიტიკური პარტიების ერთმანეთთან ბრძოლას ეთმობა და ეს თემაც, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, აქტიურად გამოიყენება,“ – აღნიშნავს სალუქვაძე.

მისი თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ამ საკითხის გაშუქება ისე დაიწყო, თითქოს 2013 წლამდე მსგავსი ფაქტები არ ხდებოდა, რეალურად კი საერთო სურათი სხვა რამეს გვეუბნება, რასაც სხვადასხვა მონაცემები ცხადჰყოფს.

„შეუძლიათ სტატისტიკას ჩახედონ, ეს მოიპოვება არა მხოლოდ მედიასაშუალებების სტატიებში, არამედ სხვადასხვა ორგანიზაციების კვლევებში, ხოლო კვლევებიც ცხადია, ინტერნეტით შეუძლიათ მოიძინონ. გატაცების შემთხვევები როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების დროსაც ხდებოდა და ხდება.

200; 300 და 400 შემთხვევა იყო ამ ხელისუფლების დროსაც, ამიტომ როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ხელისუფლება ამ საკითხზე კი არ უნდა დავობდეს, არამედ გარე საფრთხეების წინააღმდეგ ერთად უნდა მოქმედებდნენ.

„ვიცი, რომ ჩემი ეს მოწოდება ტყუილად წლის ნაყვა და ჰაერის ტკეპნაა, მაგრამ ჩემი საქმეა – სწორად შევაფასო მოვლენები. ბევრი პუბლიკაცია მაქვს გამოქვეყნებული ზუსტად სტატისტიკებთან დაკავშირებით და ეს ახალი ხილი არაა,“ – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ანალიტიკოსი ჩვენთან საუბრისას გატაცებების დროს მოთხვნილი გამოსასყიდების თემასაც შეეხო და თქვა, რომ ამ თანხების მიზერულობის გამო, საკითხზე საუბარიც კი არ ღირს, რის შესახებაც საზოგადოებას ინფორმაცია შესაძლოა არ ჰქონდეს.

„სხვათაშორის, ბევრს ჰგონია, რომ ამ გამოსასყიდებით აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმები ბიუჯეტს ავსებენ, არადა რომ დავაჯამოთ, ეს მიზერული თანხებია. რუბლებში, რა თქმა უნდა, ბევრი ნული აქვს, მაგრამ ლარში თუ გადმოვიყვანთ, ეს ისეთი მიზერული თანხებია, სასაუბროდაც არ ღირს.

მითუმეტეს ამ გატაცებებს რუსი მესაღვრეები ახდენენ, რომელთა ბიუჯეტშიც ეს  თანხები არ მიდის, არამედ ადგილობრივ ბიუჯეტში მიდის და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსმავ, რომ ეს საკმაოდ მიზერული თანხებია,“ – გვითხრა ანალიტიკოსმა და იქვე დასძინა, რომ  რუსეთი ამას არა თანხების მისაზიდად, არამედ შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენის მიზნით აკეთებს.

ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ყოველი ასეთი უკანონო გატაცების შემდეგ, მთელმა საზოგადოებამ და განსაკუთრებით პოლიტიკურმა პარტიებმა, გარე საფრთხის წინააღმდეგ, ერთობა და სიმტკიცე უნდა აჩვენონ, რადგან როგორც გატაცებები, ისე საოკუპაციო ხაზის გავლება, შიდა დესტაბილიზაციისთვისაა გათვლილი.

„12 წელი გავიდა ომის დასრულებიდან, რამდენი წელი გავიდა და რამდენი ხანი გრძელდება საოკუპაციო ხაზის გავლება, რომელიც სულ რამდენიმე ასეული კილომეტრია. ვიცით, რამხელაა რუსეთის პერიმეტრი, მისთვის ამ საზღვრის გავლება 1 თვის სამუშაოა, ისინი კი ამას წლებია ახორციელებენ – გაავლებენ სადმე 500 მეტრიან მავთულხლართს, შემდეგ 2-3 თვიან შესვენებას გააკეთებენ, ხოლო როცა სიტუაცია ჩაცხრება, შემდეგ ხელახლა იწყებენ და ამ თემას შიდა პოლიტიკაზე ზეგავლენისთვის იზოგავენ.

ანალოგიურად ხდება გატაცებებიც, ეს წახალისებულია, თორემ რომ არა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ამაზე მითითება, მათი ხელმძღვანელი პირების მხრიდან ერთი ბრძანებაა საკმარისი, რომ სიტუაცია შეიცვლოს. ხელმძღვანელმა პირებმა ყველაფერი ძალიან კარგად იციან. მაგალითად იგივე თავდაცვისა, შინაგან საქმეთა მინისტრებმა, ფეესბეს დირექტორმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – ყველამ იცის.

ერთი ბრძანებაა საჭირო, რომ ადამიანების გატაცებები შეწყდეს და საკითხი დასრულდება. უპრობლემოდ გადმოსცემენ ქართულ მხარეს, მაგრამ არა – მიჰყავთ იზოლატორში, ეს ყველაფერი კი ნერვებზე თამაში და რა თქმა უნდა, ვითარების დასაძაბად და ხანგრძლივად შესანარჩუნებლად დაგეგმილი პროვოკაციებია,“ – განაცხადა „ფორტუნასთან“ საუბრისას ამირან სალუქვაძემ.

კითხვაზე – რა ბერკეტები უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ მსგვსი პროვოკაციების თავის ასარიდებლად, ანალიტიკოსი ასე პასუხობს:

„როცა ხელისუფლება შეიცვალა, გვახსოვს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საოკუპაციო ზოლიდან ე.წ საგუშაგოები მოხსნა, თუმცა ეს საგუშაგოები რეალურად არც არაფერს წყვეტდა. მოხსნა იმ მიზნით, რომ რუსეთის მხრიდან რაიმე პროვოკაციებს ადგილი არ ჰქონოდა და  საოკუპაციო რეჟიმებთან ძალისმიერ დაპირისპირებაში არ შევსულიყავით.

„გვახსოვს 2013, 2014, 2015 წლებში ამ თემას აღარ იხსენებდნენ, მაგრამ მთავრობას აკრიტიკებდნენ – რომ არა საგუშაოების მოხსნა, ხალხს ვეღარ გაიტაცებდნენო. ეს კითხვები მაშინაც მქონდა და ახლა მააქვს – მაშინ როცა საგუშაგოები არსებობდა, 200-300 ადამიანს ხომ იტაცებდნენ? რატომ ხდებოდა ასე? ანუ, ეს მიდგომა არ შველის, საგუშაგოს ყოველ კუთვნილ მონაკვეთზე ვერ დააყენებ, სადაც ახერხებდნენ, იქ ანთავსებდნენ,“ – აღნიშნა „ფორტუნასთან“ საუბრისას სალუქვაძემ.

მისი თქმით, სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში გატაცებები შემცირებულიც კია, როგორც ამ ხელისუფლების, ისე წინა ხელისუფლების პერიოდში  და ესაა საერთო მაჩვენებელი 2008 წლიდან დღემდე.

„შეიძლება ჩემი მოსაზრება მქონდეს, მაგრამ ეს მხოლოდ საექსპერტო წრეების საფიქრალი არაა, თუმცა დღეს უკვე არც შედის მათ ინტერესში.  ყველა სხვა თემებზეა გადართული, რაც საკინკლაოდ აქვთ ქცეული. ეს ხდება იგივე მედიის, პოლიტიკოსებისა, ექსპერტების მხრიდან, რითაც უკვე 2 თვეზე მეტია ვიკვებებით და ასე გადის წლები, ჩვენი მტავარი პრობლემა – დეოკუპაცია კი გადაუწყვეტელია.

„რეალურად კი ეს თემა ყველას ეხება, განსაკუთრებით ხელისუფლებაში მყოფ პარტიებს, მათ შორის, ვინც უმცირესობაშია, ყველას, ვისაც პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზია აქვს და არა მხოლოდ, ყველას თანაბრად ეხება. პოლიტიკოსები მართავენ სახელმწიფოს, ამიტომ სწრორედ ისინი უნდა შეიკრიბონ და დეოკუპაციის გამკლავებაზე იმუშავონ – როდის, როგორ სჯობს და შესაბამისად, რაიმე პროვოკაციის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა გაინაწილონ. ეს ასეა თუ ჩვენ გვსურს, რომ საწადელს მივაღწიოთ,“- დასძენს ანალიტიკოსი.

მისი აზრით, როგორც სახელისუფლებო ძალებს, ისე ოპოზიციურ პარტიებს ორი საკითხი უნდა აერთიანებდეთ – დეოკუპაცია და ევროალტანტიკური ინტეგრაცია, რომლის ირგვლივაც საერთო მიდგომების შემუშავებაა საჭირო.

„ცხადია, არ ვგულისხმობ პრორუსულ ძალებს, დანარჩენებზე მაქვს საუბარი – რაც არ უნდა მძიმე დაპირისპირება ჰქონდეთ ერთმანეთში, ორ საკითხში საერთო ენას უნდა პოულობდნენ, ესენია: დეოკუპაცია და ევროალტანტიკური ინტეგრაცია. ეს ის საკითხებია, რომლის ირგვლივაც მთელი პოლიტიკური სპექტრი, ერთად უნდა იდგნენ და საერთო სტრატეგიაზე შეთანხმდნენ – უმრავლესობამ უნდა გაწეროს გეგმა, ამის შემდეგ კი ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, იმ გეგმით უნდა ვიმოქმედოთ. ყველა ნორმალური სახელმწიფო თავისი მთავარი გამოწვევების წინააღმდეგ ასე მუშაობს.

ამ ორი თემის გარდა, უამრავი საკითხია, რომლის ირგვლივაც შეუძლიათ ერთმანეთში ოპონირება. იგივე ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვის და სხვა უამრავ საკითხებზე თუ უნდათ დუელი მოაწყონ, მაგრამ როცა უყურებ, რომ მთავარი საკითხებს ქვეყნის სასარგებლოდ კი არა, საკინკლაოდ იყენებენ, დამოკიდებულებაც არასერიოზული იქმნება, განსაკუთრებით ოპოზიციის მიმართ,“- განუცხადა „ფორტუნას“ ამირან სალუქვაძემ.

მისი აზრით, საფიქრალია  როგორ უნდა მოვიქცეთ შემდგომში მსგავსი შემთხვევების დროს და როცა ეს ასე იქნება, როგორც სახელმწიფომ კბილები გამოვაჩინოთ, მაგრამ მისი თქმით, აქაც სწორი მიდგომაა საჭირო, რადგან შესაძლოა ამას შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვეს და ცუდ პროცესებში გადაიზარდოს.

„საერთო ჯამში, ეს პროვოკაციები პუტინის ახალ განცხადებებს უნდა დავუკავშიროთ, მუქარის ტონსაც კი ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ასე რომ  საფიქრალია – რა, როგორ სჯობს. სხვაზე ნაკლები ემოციური არ ვარ და არც სხვაზე ნაკლებად აღვიქვამ წარსულში მომხდარ მკვლელობებსა და გატაცებებს პირად შეურაცხყოფად, მაგრამ სახელმწიფოს მმართველები ამ საკითხებს ცივი გონებით უნდა მიუგდეს და მათ შორის, მათი ოპონენტებიც.

„ვერავის ვერაფერს მოვუწოდებ, შემიძლია ჩემი აზრი გავაცნო მათ, მაგრამ პოპულისტობასა და ამ თემით სპეკულირებას ღია სივრცეში არ ვაპირებ. როგორც პარლამენტში შესვლის საკითხებზე იკრიბებიან ელჩების დახმარებით, რაც სირცხვილად მიმაჩნია, ისე უნდა შეიკრიბონ და ამ ორ საკითხზე პასუხისმგებლობა გაინაწილონ,“ – აღნიშნა ამირან სალუქვაძემ.

მისგან განსხვავებული შეფასება აქვს “რონდელის ფონდის” მკვლევარს, კავკასიოლოგ ალექსანდრე კვახაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, ბევრი ცვლილება განხორციელდა, რამაც რუსულ მხარეს ხელ-ფეხი გაუხსნა და მსგავსი შემთხვების პროვოცირებას შეუწყო ხელი.

კვახაძე გვეუბნება, რომ თუკი ასეთი გატაცების ფაქტები ძირითადად ცხინვალის რეგიონისა და შიდა ქართლის ადმინისტრაციულ საზღვრებზე და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ფიქსირდებოდა, ახლა უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზეც ხდება.

„როდესაც მომიჯნავე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საოკუპაციო ხაზზე ფიჩხის შესაგროვებლად ან საქონლის სამწყემსად გადადის, იქაურმა რეჟიმი მათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით აკავებს, თუმცა ეს ბრალდება მხოლოდ და მხოლოდ მათი აზრია და არა რეალობა. რეალურად კი, თუკი ეს შიდა ქართლში ხდებოდა, ახლა უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ასეთი შემთხვევების რიცხვი ნაკლები იყო.

მოგეხსენებათ, აფხაზეთს დანარჩენი საქართველოდან ძირითადად ბუნებრივი საზღვარი – მდინარე ენგური ჰყოფს. რეალურად, რამდენიმე მონაკვეთია  (ხურჩის, ანაკლია-განმუხურისა და ფახულანის მონაკვეთი) რომელიც სახმელეთო ადმინისტრაციული საზღვარია, სწორედ ამ ტერიტორიაზე მოხდა ადამიანების დაკავება, რეალურად კი გატაცება. ამით საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს დაამტკიცოს, რომ  – აი, ჩვენ სახელმწიფო ვართ და სხვა, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აჩვენებს, რომ ნებისმიერი ასეთი საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში, იგივე ბედი ელით,“ – უთხრა „ფორტუნას“ კავკასიოლოგმა.

მისი შეფასებით, ნიშანდობრივია, რომ დაკავება აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა, რადგან უნდა გვახსოვდეს, რომ ამას წინ ბორდერიზაციის პროცესი უძღოდა. კერძოდ კი, საბერიოსა და ფახულანის ტერიტორიაზე, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აფხაზეთს ჰყოფს. კვახაძის შეფასებით, სწორედ იქ დაიწყო მავთულხლართების გაბმა, რაც შესაძლოა ერთიანი მოვლენების ჯაჭვი იყოს.

რაც შეეხება საოკუპაციო ხაზებთან საგუშაგოების მოხსნას, კვახაძე მიიჩნევს, რომ ეს არასწორი ცვლილება იყო, რადგან საგუშაგოების არსებობას ფუქცია გააჩნდა.

„ვინაიდან არსებობდა სტაციონარული ბლოგ-საგუშაგოები, ასეთი გატაცებების რისკი მინიმუმადე იყო დასული, თუმცა ახალი ხელისუფლების პერიოდში საგუშაგოები მოიხსნა, რის გამოც უკვე გაჩნდა აზრი, რომ ამით რუსეთს ვაღიარებთ. საგუშაგოები მოიხსნა როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, რასაც ბირდერიზაციისა და გატაცებების სერია მოჰყვა,“- განუცხადა „ფორტუნას“ კვახაძემ.

კავკასიოლოგს ვკითხეთ, როგორ იცვლებოდა დინამიკა წლების განმავლობაში და რა ბერკეტებს უნდა იყენებდეს სახელმწიფო მსგავსი შემთხვევების თავიდან ასარიდებლად. ჩვენს შეკითხვაზე საპასუხოდ კავკასიოლოგმა გვითხრა, რომ უკანონო გატაცებები გასული ხელისუფლების პერიოდშიც ხდებოდა, თუმცა მათი მასშტაბი გაცილებით ნაკლები იყო.

„არავინ ამბობს, რომ გასული ხელისუფლების პერიოდში მსგავსი გატაცებები არ ხდებოდა, თუმცა საქმე ისაა, რომ არსებობდა შემაკავებელი ფაქტორი, რაც ამ პროცესს ხელს უშლიდა. პირველ რიგში, თუკი ჩვენ რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკას ვიყენებთ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამას საოკუპაციო რეჟიმების მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისა და ქვეყნის კონტროლირებადი ტერიტორიების მიმართ, მიდგომა დიდად არ შეუცვლია.

ისინი ასეთ საქმიანობას კვლავ განაგრძობენ, რასაც ბორდერიზაციაც დაემატა. რაც შეეხება სახელმწიფოს პოლიტიკას, დღეს არ არსებობს ნება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული ღონისძიებების გატარება მოხდეს, რაც შემდგომში საქართველოს დამატებით ბერკეტებს მისცემდა,“ – აღნიშნა ალექსანდრე კვახაძემ.

კავკასიოლოგის თქმით, ღონისძიებებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გარკვეული სადაზვერვო და ოპერატიული სამუშაოები იგულისხმება, რასაც 2012 წლამდე  ჰქონდა ადგილი.

„მიმდინარეობდა  სპეცოპერაციებიც, მათ შორის, იყო შემთხვევა, როდესაც სეპარატისტებს სასულიერო პირები ჰყავდათ დატყვევებული და გალის მუნიციპალიტეტიდან მათი გათავისუფლება სწორედ სპეცოპერაციის გზით მოხდა. ასევე მნიშვნელოვანი იყო სპეცოპერაციები ტერორისტულ აქტებში.

„მოგეხსენებათ 2010-2011 წლებში რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით  დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ასაფეთქეებელი ნივთიერებების მონტაჟი ხდებოდა, რაც გალის მუნიციპალიტეტიდან იმართებოდა, ამის შემსრულებელი კი სწორედ ასეთი გზით, სპეცოპერაციით დააკავეს.

დღეს კი ასეთი რამ არ ხდება, ყველა ასეთი ღონისძიება გაჩერებულია, რაც საოკუპაციო რეჟიმებს დამატებით ხელ-ფეხს უშლის. ამის ნათელი მაგალითია გიგა ოთხოზორიას მკვლელობა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა ამ დანაშაულის ჩამდენი, რაშიდ კარდიოღლი არ დააპატიმრა, ის დღესაც თავისუფლად ცხოვრობს სოხუმში და აფხაზეთის ქუჩებში ჩვეულებრივად დადის,“- გვითხრა ალექსანდრე კვახაძემ.

კავკასიოლოგი „ფორტუნასთან“ საუბრისას, გამოსასყიდების თემასაც შეეხო და თქვა, რომ ეს თემაც პრობლემურია იმდენად, რამდენადაც, როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმები გამოსასყიდს იღებენ, მომავალში ამ მიმართულებით უფრო მეტს იმუშავებენ.

„როდესაც ასეთი ტიპის რეჟიმები ხედავენ, რომ სახელმწიფო ამაში თანხებს იხდის, რა თქმა უნდა, მათ მადა ეზრდებათ და ამ მიმართულებით უფრო აქტიურად იმუშავებენ. ძალიან რთულია დეფაქტო ბიუჯეტზე საუბარი, რადგან იქ კორუფციის მასშტაბი ძალიან დიდია, ბევრი სქემა და შავი ხვრელებია, ამიტომ სად მიდის ეს ტრანსფერი, ზუსტად არავინ იცის.

ბევრმა შეიძლება არ იცოდეს და უნდა დავამატოთ – რამდენსაც ეთნიკურად ქართველს იჭერენ, ბევრად მეტს თავიანთ ხალხს აკავებენ, რომელიც საქართველოს ტერიტორიას კვეთს და ეს ძირითადად, ცხინვალის რეგიონს ეხება.

„როდესაც ისინი საოკუპაციო ხაზსს კვეთენ, დაახლოებით 2-ჯერ ან 3-ჯერ უფრო მეტ თავიანთ მაცხოვრებელს იჭერენ, ძირითადად ეთნიკურ ოსებს ან ახალგორის ქართველებს, რომლებიც პირადი საქმის გამო სოკუპაციო ხაზის გადაკვეთას ცდილობენ და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადადიან.

ასეთი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო დიდია და ცხადია,  თანხის გადახდა იმ ოჯახებსაც უწევთ, რასაც ცხინვალის მიმართულებით განსაკუთრებით დიდი მასშტაბი აქვს.  რა თქმა უნდა, რუსეთი ამ პროცესს ხელს არანაირად არ უშლის და  არ ცდილობს გარკვეულწილად შეაკავოს მისი საოკუპაციო რეჟიმი,“ – გვითხრა ალექსანდრე კვახაძემ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g