LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსული პროპაგანდა თავიდან ბოლომდე მარცხდება“ – შეუძლია თუ არა კანდიდატის სტატუსს ომში გარდატეხის შეტანა

130
BeFunky-collage (33)

კანდიდატის სტატუსს საომარ მოქმედებებში გარდამტეხი ან რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა არ შეუძლია, რადგან უკრაინისთვის სტატუსი უბრალოდ მხარდაჭერას გამოხატავს, – ამის შესახებ უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა, ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს, რუსულ აგრესიასთან მებრძოლ უკრაინას მხარდაჭერა არ აკლია ევროპისა თუ ამერიკის შეერთებული შტატებისგან, რაც აისახება შეიარაღებსა და ფინანსური სახსრების უწყვეტ მიწოდებაში, რათა უკრაინამ რუსეთის გაუგონარ შეტევას გაუძლოს.

ამასთან, უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ახლა პოზიციურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ომი აღმოსავლეთ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.

„რუსეთი ცდილობს ამ მასირებული თავდასხმების, დაბომბვებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლით გატეხოს აღმოსავლეთ უკრაინის მოსახლეობა და კიდევ, ე.წ. რესპუბლიკების დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებამდე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანადგომას, ელემენტარულ გაგებასაც კი, უკვე ვერ აღწევს რუსეთი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის ორბიტაზე არსებულ ქვეყნებად მოიაზრებიან.

საერთაშორისო ფორუმებზე უკვე ცენტრალური აზიის ქვეყნებიც ცალსახად აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ შემთხვევაში არ აღიარებენ რუსეთის „მიღწევებს“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

მისი შეფასებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს „გამომფიტავი“ ომი და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, რომელი ქვეყანა თუ  სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები დაუშვებს შეცდომას. 

“ერთი მხრივ, რუსეთი ცდილობს დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის საზღვრამდე გავიდეს და შემდგომ, ეს აქციოს მოლაპარაკების თემად და ამის ხარჯზე მოხდეს ომის შეწყვეტა.

რუსეთი გათვლა ის არის, რომ დაიღლება არა მხოლოდ უკრაინა, არამედ დაიღლება სანქციებით ევროპის მოსახლეობაც და ევროპის ქვეყნები ზეწოლას მოახდენენ უკრაინაზე, რომ დავთმოთ ტერიტორიის რაღაცა ნაწილი იმის ნაცვლად, რომ შეწყდეს სისხლის ღვრა.

ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უკრაინელი ერის სიმშვიდე, სიმტკიცე. თუკი მოსახლეობა აღარ დაუჭერს მხარს ხელისუფლებას, რომელიც რუსეთთან ომშია ჩაბმული, ბუნებრივია, ეს ძალიან რთული იქნება ზელენსკის მთავრობისთვის წინააღმდეგობა გასწიოს შიდაპოლიტიკურ ფრონტზეც. საბედნიეროდ, ასეთი რამ არ არსებობს. რუსული პროპაგანდა თავიდან ბოლომდე მარცხდება.

ლიტონის სიტყვებად რომ არ მივიჩნიოთ, გავიაზროთ, რამდენად მნიშვნელოვანია საინფორმაციო ეპოქაში საინფორმაციო მდგენელი ომისა, რომლითაც რუსეთს შეეძლო ერთ და ორ კვირაში დაესრულებინა ომი, უბრალოდ, მას ეს მიმართულება ჩაუვარდა. რუსეთმა ვერ გატეხა უკრაინელი ხალხის ერთობა საკუთარ მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ტერიტორიული დაცვის, თორემ ვერცერთი მთავრობა და შეიარაღება ამ რესურსით წინ ვერ აღუდგებოდა რუსული არმიის შეტევას”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

მჯერა, რომ 27-ვე ევროპული ქვეყანა მხარს დაუჭერს კანდიდატის სტატუსის ჩვენთვის მონიჭებას: ზელენსკი

შეკითხვაზე, რამდენად არის მზაობა ევროპელი ლიდერებისგან გარკვეულ დათმობებზე მოუწოდოს უკრაინას, უსაფრთხოების სისტემების სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის, ასეთი საგანგაშო ნიშნები ჯერჯერობით არ არის.

ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე: ნატოსგან განსხვავებით, ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, ამიტომ ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო

„იყო ერთი-ორი განცხადება, რომელიც არც იყო პირდაპირი მინიშნება, თუმცა ასეთი რამ ევროპის კავშირის ქვეყნებში არ შეინიშნება. პირიქით, ეს ქვეყნები ახდენენ დემონსტრირებას ერთიანობისა, როდესაც სანქციების პაკეტს პაკეტზე აწესებენ და უფრო და უფრო მძიმე ეკონომიკური სიტუაცია ყალიბდება რუსეთისთვის. მესმის, რომ დღეს ეს რუსეთის ეკონომიკაში არ ჩანს, თუმცა ეს ყველაფერი ზვავისებურად იმოქმედებს რუსეთისთვის.

მეორე მხრივ, რუსული დაზვერვა აქტიურად მუშაობას ევროპულ ქვეყნებში. რუსეთის ძირითადი მამოძრავებელი ძალა კორუფცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩემოდნებით შავი ფულის მიწოდებას ევროპელი ბიზნესმენების თუ ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწის და ბუნებრივია, ძირითადი მიმართულება არის რომ ევროპამ საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობის კამუფლაჟით დათმოს ეს სანქციები და უფრო დამთმობი იყოს რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის მიმართ, მაგრამ ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ახალი ევროპის ქვეყნები, ჩვენი ტრადიციული მეგობრები, პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებმაც ცალსახად იციან, რომ უკრაინის შემდგომი მსხვერპლი ისინი იქნებიან, თუკი იოტისოდენა დათმობაზე წავლენ პუტინის რეჟიმთან და ეს საქართველოსთვისაც კარგი და იმედის მომცემია.

ახლა, ამ გადამწყვეტ მომენტში, როდესაც შესაძლებლობების ფანჯარა ღიაა, ჩვენი ძირითადი ამოცანა, როგორმე აღმოვჩნდეთ ერთი ქოლგის ქვეშ, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მომავალი თაობის ჰარმონიულ განვითარებას მშვიდობიან გარემოში. სხვა ძალა რუსეთის შემაკავებელი დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს”, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“.

 

პოპულალურები