LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რვა სიახლე ლომებთან: ახლები გრძელდება, მაგრამ ბალანსი აღდგება

97

“ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა ესპანეთთან თამაშამდე 48 საათით ადრე გამოაცხადა 23-კაცა, სამატჩო რაზმი.

საქართველო ამ გუნდით შაბათს, 4 მარტს, ჩვენი დროით საღამოს შვიდზე (19.00), ვალიადოლიდის ახლოს, “ლომებად” წოდებულ ესპანეთს პატარა ქალაქ მედინა-დელ-კამპოში შეებმება 2017 წლის “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩში. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებს.

თებერვალში გამართული ორ რაუნდის შემდეგ საქართველო ტურნირის ერთპიროვნული ლიდერია. ბორჯღალოსნებს ლელო ჯერ არ გაუშვიათ. ჩვენი გუნდი 5 ქულით (ბონუსიანი მოგებით) უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ რუმინეთს და 6-ით – კიდევ სამ მდევარს.

ჰეიგი, სტრატეგიული გეგმის თანახმად, ახლების გამოცდას აგრძელებს, მაგრამ მეტოქის ძალის გათვალისწინებით, რაზმსაც აბალანსებს.

ამის გამოა, რომ რუსთავში გერმანიის ძლევის შემდეგ, უკანა ხაზსა და შერკინებაში ოთხ-ოთხი, ანუ დამწყებ 15-ეულში – ერთბაშად რვა სიახლეა, და 23 კაცშიც ორი უკეპოა.
249-ე ბორჯღალოსანი

ამჯერად ისვენებენ რუსთავში თავგამოჩენილი ჭაბუკები – შუამარბი გიორგი კოშაძე და 8 ნომერი ბექა გორგაძე, აგრეთვე 10 ნომერი რეზი ჯინჭველაშვილი და უნივერსალი ბექი, ვეტერანი ლაშა მალაღურაძე.

მოკეთდა 96 კეპის პატრონი დავით კაჭარავა და ჩვეულ პოზიციაზე, 13 ნომრად იწყებს.

ცხრაზე დაგვიბრუნდა ვასო ლობჟანიძე; მგეზავად ჰეიგმა ლაშა ხმალაძე აღადგინა, გარემარბად კი დააყენა ახალბედა – “დიდი 10”-ის აღმოჩენა, აკადემიელი სოსო მათიაშვილი: ჩინებული მოშვიდკაცე და კარში დამრტყმელი დასაბამიდან 249-ე ბორჯღალოსანი გახდება.
წონა და გამოცდილება

მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდა მონპელიელი კოტე მიქაუტაძე, რითაც შერკინებას წონა და გამოცდილება მოემატა. კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე მარქაფაშია და იწყებს შალვა მამუკაშვილი, გორგაძის ნაცვლად კი მესამე ხაზში რომ დაწინაურდა ოთო გიორგაძე, ლაშა ლომიძე შერკინების ფრთიდან 8 ნომრად გადავიდა.

ჰეიგი აგრძელებს ბურჯთა როტაციას, რადგან ამ რგოლში ამოუწურავი რესურსი გვაქვს, 250-ე ბორჯღალოსანი კი უნდა გახდეს თადარიგში მყოფი შუამარბი, არმაზელი ბადრი ლიპარტელიანი.

 

ცხრილში არ ეთვლებათ

ესპანეთს 2000 წლიდან სისტემატურად ვერაგბებით. 17 მატჩის ჯამური ბალანსია 13-3*1 (ქ 547:260, ლ 76/27), მაგრამ “ლომები” მათსავე მოედანზე 8 თამაშიდან მხოლოდ 4-ჯერ დაგვიმარცხებია.

ერთი კია, რადგან ესპანეთს ჩვენთან რკენის შედეგი ცალკე, “2019 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ” ცხრილში არ ეთვლება და მარტში უმაგალითოდ ინტენსიურადაც – ზედიზედ სამი ვიქენდზე უწევს თამაში – წინასწარი მონაცემებით, ჩვენს წინააღმდეგ ბირთვის ბარემ ნახევარს დაასვენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g