ევროპის ერთ–ერთი ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით კვლავაც დაინტერესებულია. აღნიშნულის შესახებ ირლანდიური ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ოლირი Forbes Georgia-ს ესაუბრა.
ოლირი ამბობს, რომ თუკი ქართული აეროპორტებიდან წამახალისებელ შეთავაზებას მიიღებს, ეს საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგება. საწყის ეტაპზე Ryanair-ი საქართველოსთვის ევროპის მიმართულებით ფრენების შეთავაზებას განიხილავს, მათ შორის ასახელებს პოლონეთის, გერმანიის, საბერძნეთისა და იტალიის მიმართულებებს.
რაც შეეხება საქართველოს აეროპორტებს, მაიკლ ოლირი Forbes Georgia-სთან საუბრისას ამბობს, რომ Ryanair-ი მზად არის იფრინოს ქვეყნის იმ აეროპორტიდან (ქუთაისი თუ თბილისი), რომელიც მეტ შეღავათს შესთავაზებს.
შეგახსენებთ, ავიაკომპანია Ryanair-ის წარმომადგენელი ნილ ოკონერი საქართველოში 2018 წლის თებერვალში იმყოფებოდა. მაშინ მან განაცხადა, რომ Ryanair საქართველოში შემოსვლას ჯერჯერობით არ აპირებს, ამის ერთ-ერთ მიზეზად კი თბილისის აეროპორტში არსებული მაღალი ტარიფები დაასახელა.
“წინა ხელისუფლების დროს დაშვებულ იქნა შეცდომა, როდესაც თბილისის აეროპორტი გადაეცა კონკრეტულ კომპანიას და დაწესდა ძალიან მაღალი ტარიფები. ასეთი ტარიფები ბარსელონაშიც კი არ არის, არადა თბილისში მხოლოდ 3 მილიონი მგზავრია. 40-50 მიმართულებიდან კი ევროპაში მხოლოდ 10-ზე ნაკლები სრულდება”, – აღნიშნავდა ოკონერი. ირლანდიური ავიაკომპანიის წარმომადგენელმა მაშინ ისიც თქვა, რომ გადაწყვეტილებას ფრენების დაწყების თაობაზე Ryanair იქიდან გამომდინარე იღებს, თუ სადაა ყველაზე კონკურენტული ხარჯები.