რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მის ჯანმრთელობასთან ერთად, სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობაზეც ისაუბრა.
ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი ხვალ გამოკითხავს
როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად ძალიან კარგ ფორმაშია და ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული:
“პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგ ფორმაშია. ის ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული.
უკვე ახალი წლის დღეებში, ამ საკითხთან დაკავშირებით მას ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი აქვს.
ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც შემდეგ გააგრძელებს კვალიფიციურ მუშაობას.
ის მთლიანად არის იმ საკითხებით მოცული, რომელიც გარეთ, საზოგადოებას აწუხებს. მას ძალიან საგანგაშოდ მიაჩნია ის სოციალური ფონი, რომელიც ქვეყანაში არსებობს და ახლა მისი გონება ამ კუთხით არის მიმართული”, – განაცხადა ხერხეულიძემ.
ეკა ხერხეულიძემ დღეს ასევე აღნიშნა, რომ ხვალ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენელი გამოკითხავს.
ხერხეულიძის თქმითვე, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ, შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც გორში ბოლო ვიზიტის დროს დახვდა, “პრობლემები არსად არ წასულა, მაგრამ, ვიზუალური თვალსაზრისით, უკეთესად გამოიყურება”, – აღნიშნა ხერხეულიძემ.