საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. როგორც ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მარგველაშვილი განმარტავს, „ამის თქმით ის არ ამბობს, რომ სააკაშვილი უდანაშაულოა“.
მისივე განმარტებით, სამარცხვინოა, რომ ჩვენ პრეზიდენტს ვასამართლებთ პიჯაკების არასწორი არტიკულით შეძენაზე.
„რა თქმა უნდა ის პოლიტპატიმარია, ამის თქმით მე არ ვამბობ, რომ ის უდანაშაულოა. რა თქმა უნდა ის პოლიტპატიმარია და რა თქმა უნდა მე არ მიმაჩნია, რომ მას არანაირი დანაშაული არ აქვს. მეორე საკითხი არის რაზე ასამართლებ. სამარცხვინოა, რომ ჩვენ პრეზიდენტს ვასამართლებთ პიჯაკების არასწორი არტიკულით შეძენაზე. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო ქვეყნის სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის, არა მარტო პროკურატურის, არა მარტო მოსამართლეების დონის ჩვენება, არამედ ეს არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, მათ შორის ჩემი, რომლებიც მივიჩნევდით, რომ სააკაშვილი იყო ჩვენთვის მიუღებელი პოლიტიკური ლიდერი… ეს არის ჩვენი შეურაცხყოფა, მათი ვინც სააკაშვილს იდეების გამო ვუპირისპირდებოდით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.