ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს, სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველის, – ამის შესახებ ზუგდიდში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანი ზუგდიდში მათი პარტიის კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ეს იცის მოწინააღმდეგე მხარემაც და ამიტონ საარჩევნო პროცესის დესტრუქციას ცდილობს.
“ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს. ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
აღსანიშნავია, რომ სააკაშვილმა მეგრულად საუბარი უკვე დაიწყო.
“ერთად გავიმარჯვებთ და ერთად დავაყენებთ საქართველოს ფეხზე”, – მეგრულად მიმართა მან ამომრჩეველს ვიდეოზარით ჩართვისას.
თქვენი აზრით ვინ მოიგებს ზუგდიდის მერის არჩევნებს?
2017 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერად „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი, ლაშა გოგია აირჩიეს. მან თანამდებობა 2018 წლის 12 სექტემბერს, მიზეზის განმარტების გარეშე დატოვა. პირველ ნოემბერს კი, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ის და მისი მოადგილე გია გულორდავა, დიდი ოდენობით (21 500 აშშ დოლარი) ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამ დრომდე მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული.