“ქართული ოცნების” თავამჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სურს, რომ უკეთეს მდგომარეობაში იყოს ვიდრე სხვა პატიმრები და ეს დისკრიმინაციაა.
ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა და აღნიშნა, რომ პატიმარს კვლავ სურს დარჩეს იქ, სადაც ყოფნა არ ეკუთვნის, ეს კი სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას.
“მიხეილ სააკაშვილს უნდა, რომ იყოს დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი, მას უნდა, რომ იყოს უკეთეს მდგომარეობაში ვიდრე სხვა პატიმრები, ეს არის ჩვეულებრივი დისკრიმინაცია და უთანასწორო მოპყრობა. მე მგონია, ეს ასე არ უნდა იყოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პატიმარს უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე მოპყრობა სახელმწიფოს მხრიდან და არავინ არ უნდა იყოს განსაკუთრებულად პრივილეგირებული.
როდესაც არსებობს კონკრეტული დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ე.წ. რეფიდინგი, ანუ შიმშილობის შემდგომი მკურნალობა დასრულდა ორი კვირის წინ და პატიმარს კვლავაც სურს დარჩეს იქ, სადაც მას არ ეკუთვნის ყოფნა, ეს, ბუნებრივია, სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას. სახელმწიფოს მიდგომა იქნება ისეთი, რომელიც თანასწორობის პრინციპს დაეფუძნება. ჭირვეულობს ეს ადამიანი, მაგრამ კანონი ყველა ნაწილში უნდა აღსრულდეს.” – თქვა კობახიძემ.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
ამის შემდეგ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილი პრეზიდენტი დროებით გორის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება.