მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გუშინ გვიან ღამით, გორის სამხედრო ჰოსპიტალთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა.
როგორც სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, მას გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გადაყვანას უპირებდნენ, რა დროსაც შეუძლოდ გახდა.
“დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები. შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს, სად.
მე მოვითხოვე წნევის და პულსის შემოწმება. წნევა მქონდა 180, მეორე გაზომვაზე 200-110-ზე. ჩემი ნორმალური წნევა არის 120-80. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი. არასდროს მქონია ასეთი წნევა და პულსი.
ამის შემდეგ სცადეს ძალით გაყვანა. მე გავუწიე წინააღმდეგობა. ამის შემდეგ გავითიშე და არ მახსოვს არაფერი. გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მედგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდი და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ და არ შემოუშვეს.
ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზისი, რომელიც ოდესმე მქონია. თან სულ მიღებდნენ ვიდეოს. მათ შორის სამედიცინო პროცედურების დროს, ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა,”-აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის წერილში.