LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საახალწლო ღონისძიებებზე თბილისის მერია 6,5 მილიონ ლარს დახარჯავს

169
Untitled design (2)

საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურეობებისთვის, წელს ბიუჯეტიდან ჯამში 6 501 641 ლარის დახარჯვა იგეგმება. ინფორმაცია რადიო „თავისუფლება“ ავრცელებს და წერს, რომ დედაქალაქის მერიის მიერ, შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, თუ რატომ არის შეუძლებელი შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა:

„ღონისძიებების სპეციფიკიდან გამომდინარე, დაგეგმილ აქტივობათა უმრავლესობა საავტორო ნამუშევრებს წარმოადგენს. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტივობების მიმდინარეობის პარალელურად, იკვეთება კვალიფიციურ შემსრულებლებთან თანამშრომლობის საკითხები, რაც თავის მხრივ, დროში შეზღუდვას იწვევს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო შესყიდვის წინასწარ დაგეგმვა“.

„გასულ წელს ნაძვის ხეს ცეცხლი მოეკიდა, მოგვიწია ახლის ყიდვა“ – წელს თბილისს ახალი ნაძვის ხე ექნება 

დოკუმენტის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებები დედაქალაქში 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით შემდეგ ლოკაციებზე გაიმართება:

  • ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე (გიორგი ათონელის ქუჩა, იტალიის ქუჩა, ანტონ ფურცელაძის ქუჩა, ფხოვის ქუჩა, ხაზინის ქუჩა);
  • მშრალ ხიდზე და დედაენის ბაღში მოეწყობა „საახალწლო ქალაქი“, გაიმართება საშობაო ბაზარიც;
  • რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, ცენტრალურ ნაძვის ხეს დადგამენ, რესპუბლიკის მოედანზე კი საახალწლო გალაკონცერტი გაიმართება.

„აღნიშნულ ლოკაციებზე განთავსდება სხვადასხვა მოცულობითი ინსტალაცია, თემატური მორთულობები, ფოტოზონა, დეკორირებული ჯიხურები, თოვლის ბაბუას (სანტას) სახლი და სახელოსნო, პავილიონი „საახალწლო ქალაქი“, კულტურული, სპორტული, საბავშვო, მოსასვენებელი სივრცეები/პავილიონები, სხვადასხვა სცენის დეკორაცია/ბუტაფორია/რეკვიზიტი, საახალწლო ბარი, დეკორირებული ნაძვის ხეები, ხიდის, ქუჩებისა და ფასადების თემატური მორთულობები, საციგურაო ყინულის მოედანი, ყინულის მოედნის თემატური დეკორაცია“, – აღნიშნულია მერიის მიერ შესყიდვების სააგენტოსთვის მიწერილ წერილში.

 

წყარო: რადიო „თავისუფლება“

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g