საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზუგდიდში მდებარე ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის სტუმრებს განსხვავებულ ღონისძიებას ჰპირდება. ზუგდიდში დადიანების სასახლეთა მეჯლისის ტრადიცია აღადგება, რომელიც სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა, ეკატერინე ჭავჭავაძემ, ოჯახთან ერთად XIX საუკუნეში დაამკვიდრა. ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია მუზეუმის ფეისბუქ გვერდზე.
სააგენტო livepress-ის ცნობით, პროცესში ჩართულია სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ხელოვნების სასახლე და მისი გენერალური დირექტორი გიორგი კალანდია.
“ამის შესახებ არსებობს ძალიან საინტერესო საარქივო მასალები. დიდი ხნის განმავლობაში გვინდოდა, რომ დადიანების სასახლეს, გარდა იმ დიდი სამუზეუმო ფუნქციისა, რომელიც მას აქვს, ამასთანავე დაებრუნებინა საზოგადოებრივი და კულტურული მნიშვნელობა და წელიწადში ერთხელ გამართულიყო მნიშვნელოვანი მეჯლისი. ეს ღონისძიება მხარდაჭერილია სქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ და ბევრი სიურპრიზი ელის მაყურებელს და მნახველს. ეს იქნება ძალიან ლამაზი სანახაობა. სატელევიზიო დადგმას, რომელიც მეჯლისის პერიოდში წარიმართება ამ სასახლის ტერიტორიაზე, “პრაიმ შოუს” სტუდია აკეთებს”, – აცხადებს გიორგი კალანდია.
მისივე თქმით, მეჯლისის თარიღს ჯერ ვერ დააკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ის ძირითადად მუზეუმის ეზოში ჩატარდება და ასევე, ნიკო დადიანის სასახლეში.
ცნობისთვის, ხელოვნების სასახლე კოორდინირებას უწევს დადიანების სასახლის განვითარებას. განვითარების საბჭოს თავმჯდომარე კი გიორგი კალანდიაა.