“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”-მ საარჩევნო კამპანიისას გამოვლენილი დარღვევები გამოაქვეყნა. შეისწავლეს 1 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე პერიოდი. კვლევა ამომრჩევლებისა და აქტივისტების მიმართ ძალადობას ეხება. ასევე ყურადღება გამახვილებულია საბიუჯეტო თანხების ხარჯვაზე.
11 აგვისტო – ლაგოდეხში, პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან, კახა კალაძესთან, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივან, ირაკლი ღარიბაშვილთან და თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.
17 აგვისტო – ვარკეთილის მაჟორიტარობის კანდიდატმა, სოზარ სუბარმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში 215-ე საჯარო სკოლასთან მდებარე სპორტკომპლექსი დაათვალიერა, რომელიც თბილისის მერიის დაფინანსებით გარემონტდა. ეს ფაქტი პრობლემურია, რადგან კარგი საერთაშორისო პრაქტიკით, სახელმწიფოსა და მმართველ პოლიტიკური პარტიას შორის მკვეთრი ზღვარი უნდა არსებობდეს.
18 აგვისტო – ნინოწმინდის მერიიდან ექვსი თანამშრომელი საკუთარი განცხადებით, ხოლო 10 ე.წ.სოფლის რწმუნებული ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს. ერთ-ერთი გათავისუფლებული ჟორა სნხჩიანი აცხადებს, რომ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ სამსახურიდან წასულიყო.
18 და 21 აგვისტო – ქვემო ქართლის ოთხ მუნიციპალიტეტში: თეთრიწყაროში, წალკაში, მარნეულსა და გარდაბანში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, გოგი მეშველიანთან და ზაურ დარგალთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული შვიდი ინფრასტრუქტურული პროექტი მოინახულა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.
„29-31 აგვისტო – აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში ბათუმში, ხულოში, შუახევსა და ქობულეთში „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, რესან კონცელიძესთან, ანზორ ბოლქვაძესთან და ცოტნე ანანიძესთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული ექვსი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათვალიერა და წინასაარჩევნო აგიტაცია ჩაატარა.
3 სექტემბერი – შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შესაბამისი ოლქების მაჟორიტარობის კანდიდატებთან, ირაკლი მეზურნიშვილთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან და ზაზა დუგლაძესთან ერთად ბიუჯეტიდან დაფინანსებული ოთხი ინფრასტრუქტურული პროექტი დაათავლიერეს და წინასაარჩევნო აგიტაცია გასწიეს.
6 სექტემბერი – ბოლნისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან”, ვუგარ ისაევმა, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტს პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სავარაუდოდ დანით დაჭრით დაემუქრა. ჟურნალისტი რეგიონში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დეპუტატობის ოპოზიციონერი კანდიდატის ამომრჩევლებთან შეხვედრას აშუქებდა.
8 სექტემბერი – დმანისისში ახალი სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დმანისი-წალკის მაჟორიტართან – კახა ოქრიაშვილთან ერთად გახსნა.
9 სექტემბერი – ზუგდიდში „ლელოს“ კანდიდატების წარდგენისას ბიუჯეტიდან დაფინანსებული მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლები კონტრაგიტაციას ეწეოდნენ. მათ სამუშაო საათებში ეკრძალებათ აგიტაცია, რომელიც კონტრაგიტაციასაც მოიცავს. გარდა ამისა ქმედება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ნიშნებსაც ატარებდა.
11 სექტემბერი – მცხეთაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია და „ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კინოთეატრის შენობის არქეოლოგიურ მუზეუმად ადაპტაციის პროექტის დეტალებს გაეცნენ.
16 სექტემბერი – ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში დირექტორმა მასწავლებლებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა სიის მიტანა მოსთხოვა, ერთ-ერთ სხვა სკოლაში კი იმავე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის წინასაარჩევნო შეხვედრაზე დასწრება სთხოვა, რადგან მისი თქმით, პარტიიდან დაურეკეს და მასწავლებლების შეკრება თხოვეს. ორივე პირმა ანონიმურად დარჩენა ისურვა. მათ ორგანიზაციის წარმომადგენელი ესაუბრა.
17 სექტემბერი – სამგორში, აფრიკის დასახლებაში, „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის შტაბს თავს დაესხნენ. ხაბეიშვილის თქმით, შემთხვევა 17 სექტემბერს, გვიან ღამით მოხდა. მისივე თქმით, სავარაუდოდ, ორმა პირმა შტაბს აგურები ესროლა და ჩაამსხვრია მინები.
18 სექტემბერი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტს, ლაშა ცუცქირიძეს თბილისში, საბურთალოს რაიონში მდებარე შტაბიდან გამოსვლის შემდეგ თავს დაესხნენ ნიღბიანი პირები, რის შედეგადაც მან სხეულის დაზიანება მიიღო.
19 სექტემბერი – გლდანულაში გაიხსნა სკვერი, სადაც „ქართული ოცნების“ პარტიული დროშები ჩამოკიდეს.
20 სექტემბერი – „ნაციონალური მოძრაობის” ისნის მაჟორიტარი კანდიდატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მასზე და მის ოჯახის წევრებზე, მათ შორის მის 21 წლის შვილზე მიმდინარეობს უკანონო თვალთვალი და ფარული მიყურადება.
22 სექტემბერი – მარნეულის 22-ე საარჩევნო ოლქის 33-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ფარმან ალაზოვი „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაურ დარგალის მოსახლეობასთან შეხვედრებს დაესწრო.
23 სექტემბერი – ბოლნისში, „ძალა ერთობაშიას“ და „ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო შტაბებს თავს დაესხნენ. “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის და ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბზე ჩამოხიეს პლაკატები, დააზიანეს სათვალთვალო ვიდეოკამერები, კედლებზე დაწერეს შეურაცხმყოფელი სიტყვები.
თბილისის მერის, კახა კალაძის გადაწყვეტილებით, 87 ოჯახს, რომლებიც წლების განმავლობაში დაუკანონებელ ადგილზე ცხოვრობდნენ, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცემათ. კალაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში, ჯამში, 900-მდე ოჯახს დაუკანონდა საცხოვრებელი ფართი. აგვისტოსა და სექტემბრში მთავრობის მიერ 20-მდე მასშტაბური სოციალური პროექტის ინიცირება მოხდა.
24 სექტემბერი – ღამით, უცნობი პირები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის წარმომადგენელს, ნინია ცისკარიშვილს.
27 სექტემბერი – „ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ნიკა მელიას გლდანულაში, ამომრჩეველთან შეხვედრის დროს, ქვები და კვერცხები დაუშინეს.
ოპოზიციური საარჩევნო ბლოკის „ძალა ერთობაშიას“ მხარდამჭერების განცხადებით, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის, გოგი მეშველიანის ძმამ და 50-მდე პირმა ოპოზიციის წევრებს სცემეს. კახა ოქრიაშვილის განცხადებით, თავდამსხმელებს ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი და „უმისამართო სროლა იყო”. დაშავებული არიფ იუსუფოვი ამბობს, რომ ის ჩაიხანაში იყო, როდესაც “ქართული ოცნების” კანდიდატის ძმა მას თავს დაესხა. გოგი მეშველიანი ბრალდებებს უარყოფს და პირიქით, ოპოზიციას ადანაშაულებს ფიზიკურ დაპირისპირებაში.
28 სექტემბერი – მარნეულის სოფელ სადახლოში, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს. შემთხვევა სავარაუდოდ მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საარჩევნო კამპანია 1 სექტემბრიდან დაიწყო.