LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეთანხმების მიზნებს სრულად არ შეესაბამება და გადახედვას საჭიროებს: გამჭვირვალობა საქართველო

49
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები შეთანხმების მიზნებს სრულად არ შეესაბამება და გადახედვას საჭიროებს. ორგანიზაცია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს კიდევ ერთხელ გადახედონ ამ ცვლილებებს და ისინი პოლიტიკური შეთანხმების სულისკვეთებას მაქსიმალურად შეუსაბამონ.

ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება საბაბი მოძებნოს, რომ საარჩევნო პაკეტს მხარი არ დაუჭიროს: ირაკლი კობახიძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რამდენიმე ცვლილებას აქვეყნებს, რომლებიც გადახედვას საჭიროებს:

  • პროფესიული ნიშნით წარდგენილი ცესკოს წევრობის კანდიდატების ასარჩევად საპარლამენტო კენჭისყრებს შორის ვადების შემცირება პარტიებს შორის კონსენსუსის აუცილებლობას გამორიცხავს და მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, მისთვის სასურველი კანდიდატი მარტივად აირჩოს. ცვლილება შეეხება პროფესიული ნიშნით ცესკოს წევრების პარლამენტის მიერ არჩევის წესს და ვადებს, კერძოდ კი, ამ პროცესში ჩადებულ ე.წ. პოლიტიკური ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმს. პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ცესკოს წევრები (მათ შორის თავმჯდომარე) 5 წლის ვადით პარლამენტმა სრული შემადგენლობის მინიმუმ 2/3-ით (100 ხმა) უნდა აირჩიოს. თუ არც ერთ კანდიდატს პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა არ ექნება, იგივე კანდიდატებს კენჭი ხელახლა უნდა ეყაროთ პირველი კენჭისყრიდან არაუადრეს 4 კვირის შემდეგ. ამ შემთხვევაშიც ცესკოს წევრის ასარჩევად კვლავ პარლამენტის 2/3-ის მხარდაჭერა უნდა იყოს საჭირო, ხოლო თუ ისევ არ მოგროვდებოდა საკმარისი ხმები, ისევ 4 კვირის შემდეგ ამჯერად უკვე პარლამენტის 3/5-ის (90 ხმა) მხარდაჭერა იქნება საკმარისი. ეს მცდელობაც თუ უშედეგო გამოდგება, 4 კვირის შემდეგ პარლამენტს უკვე უბრალო უმრავლესობის (76 ხმა) მხარდაჭერით შეეძლება ცესკოს წევრის დანიშვნა. ამ მექანიზმების მთავარი მიზანი ის არის, რომ პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებს ჰქონდეთ ძლიერი სტიმული, საარჩევნო კომისიაში მართლაც ნეიტრალური და კომპრომისული კანდიდატი დანიშნონ. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებულ ცვლილებებში, ყოველ კენჭისყრას შორის სავალდებულო მინიმალური ვადა 4 კვირიდან 1 კვირამდე ერთჯერად, მხოლოდ მოახლოებული ადგილობრივი არჩევნებისთვის შემცირდა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პარტიებს შორის კომპრომისის მიღწევის სივრცეს და საპარლამეტო უმრავლესობას, ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს ოპოზიციის თანხმობის გარეშე, მარტივად აირჩიოს მისთვის მისაღები კანდიდატი.

საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების, პროფესიონალი წევრების შერჩევის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია: ბადრი ჯაფარიძე

  • საარჩევნო კომისიებში პოლიტიკური პარტიების მიერ წევრების დანიშვნის წესი ერთი პარტიის – „ევროპელი სოციალისტების” სასარგებლოდ და მეორე პარტიის – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” საზიანოდ არის შეცვლილი, რაც პრინციპულად არასწორი და არასამართლიანია. პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, თითოეულ საარჩევნო კომისიაში 17 წევრიდან 9 წევრი პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა დანიშნონ. ამასთანავე, ერთ პარტიას მხოლოდ ერთი წევრის დანიშვნის უფლება უნდა ჰქონდეს. ეს ჩანაწერი იმიტომ გაკეთდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი 9 საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, შესაბამისად, თითო სუბიექტს თითო წევრი უნდა დაენიშნა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მიღებული ცვლილებებით, ეს წესი არის გათვალისწინებული, თუმცა მასში შევიდა ერთი დაზუსტება, რომელიც პირდაპირ მოერგო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიით პარლამენტში შესული წევრების მიერ შექმნილ ახალ პარტიას – „ევროპელ სოციალისტებს“. ამ დაზუსტების მიხედვით, პარტია კარგავს საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნის უფლებას, თუ მის მიერ გაყვანილი ყველა პარლამენტარი დატოვებს ამ პარტიას და სხვა პარტიაში გაწევრიანდება. ასეთ შემთხვევაში, ამ ახალ პარტიას გადაეცემა კომისიის წევრების დანიშვნის უფლება. აღნიშნული ჩანაწერით, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ დაკარგავს ამ უფლებას, რომელიც „ევროპელ სოციალისტებს“ გადაეცემა. გარდა იმისა, რომ ასეთ დებულებას პოლიტიკური შეთანხმება არ ითვალისწინებს, პრინციპის დონეზეც არასამართლიანი და არასწორია ერთი პარტიის „დასჯა“ იმის გამო, რომ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა.

 

  • ცესკოს მოადგილეების რაოდენობის გაზრდა ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული მოადგილის მნიშვნელობას გარკვეულწილად ამცირებს. პოლიტიკური შეთანხმების მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული წევრი უნდა იყოს. ამ ცვლილების მიზანი ის არის, რომ ოპოზიციურ პარტიებს უფრო მაღალი ნდობა ჰქონდეთ ცესკოს მიმართ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება – ერთ-ერთი მათგანი ოპოზიციური პარტიის მიერ დანიშნული წევრი იქნება, მეორე კი – პროფესიული ნიშნით არჩეული. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტით, ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველ რიგში ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრი შეასრულებს, მეორე მოადგილის არსებობა გარკვეულწილად ასუსტებს იმ მექანიზმს, რაც პოლიტიკურ შეთანხმებაში არის ჩადებული. ვინაიდან ცესკოში პროფესიული ნიშნით უკვე არჩეულ წევრებს, მათ შორის ამჟამინდელ მოადგილეს, უფლებამოსილება არ უწყდებათ და მათი მიუკერძოებლობის კუთხით წინა არჩევნებზე გარკვეული კითხვები არსებობდა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ცვლილება ცესკოში მმართველი პარტიის პოზიციების გამყარებას ემსახურება.

 

შვიდსაათიანი მსჯელობის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა

magti 5g