„კოვიდპანდემიამ შექმნა ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი დამკვირვებლებისთვის და ადგილობრივი პარტნიორებისთვის – ორგანზება გაეწიათ არჩევნებისთვის. აღსანიშნავია ის, რომ ამ საფრთხის მოუხედავად, საქართველოს მოსახლეობის დიდმა რაოდენობამ შეძლო, გამოცხადებულიყო საარჩევნო უბანზე და არჩევანი გაეკეთებინა“, – ეს განცხადება ეუთო-ს სპეციალურმა კოორდინატორმა ელონა გებრეა ხოჯამ გააკეთა.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი ცოტა ხნის წინ შეაფასეს ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისში.
როგორც ელონა გებრეა ხოჯამ განაცხადა, არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და მთლიანობაში, ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვაც მოხდა:
„ კოვიდ 19-ის პანდემიამ მართლაც წვლილი შეიტანა, შექმნილიყო უნიკალური და ძალიან დიდი გამოწვევების კონტექსტი. არჩევნები იყო კონკურენტული და საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იქნა, თუმცა იყო მუდმივი ბრალდებები, რომ ხდებოდა ამომრჩევლებზე ზეწოლა და არ იყო ნათლად გამიჯნული ხაზი მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის, რაც ამცირებდა საზოგადოების ნდობას ამ პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ხოჯამ.
მისი თქმით, არჩევნები გაიმართა ახალ საკანონმდებლო ჩარჩოს მოცემულობით და, ზოგადად, საარჩევნო პროცესი ეფექტიანად იქნა განხორციელებული „კოვიდ-19“-ის პანდემიის და შესაბამისი გამოწვევების მიუხედავად. თუმცა აღნიშნა:
„საარჩევნო კომისიებში მმართველი პარტიის დომინანტურმა წარმომადგენლობამ უარყოფითი წარმოდგენა მოახდინა ადამიანების აღქმაზე, რამდენად მიუკერძოებლად, დამოუკიდებლად ხორციელდებოდა არჩევნები ყველა დონეზე.
ელონა გებრეა ხოჯამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია მოიწვია.