“სამომავლოდ აუცილებლად შემოვიღებთ რეგულაციებს, რომ გამოყოფილი იყოს კონკრეტული ადგილები პოლიტიკური პარტიებისთვის და კანდიდატებისთვის, სადაც მათ ექნებათ საარჩევნო პლაკატების გაკვრის შესაძლებლობა,” – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ნაძალადევში, ბეჟანიშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის შემდეგ განუცხადა.
კალაძის განცხადებით, თუ პოლიტიკური პარტიები და კანდიდატები რეგულაციებს არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან.
“პლაკატები ამახინჯებს ქალაქის იერ-სახეს, არა მარტო დედაქალაქში, ზოგადად ქვეყანაშია პრობლემა, როცა არჩევნები ტარდება, ვისაც სადაც უნდა, აკრავს პლაკატებს,”- განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება საარჩევნო ბანერებს, კალაძის განცხადებით, მისი ჩამოხსნის ვალდებულება კომპანიებს აქვთ, ვისზეც იყო ბანერების გაკვრა დაკვეთილი.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ბანერები ქალაქის იერ-სახეს არ ამახინჯებს.