LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საავადმყოფოები პაციენტებს დახმარებაზე უარს ვეღარ ეტყვიან

129

ჯანდაცვა ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის – პრაქტიკაში გვხვდება შემთხვევები, როდესაც სამედიცინო დაწესებულებები სხვადასხვა მიზეზით პაციენტებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებიან.

კანონში უცნაური ლაფსუსია რომელიც მალე აღმოიფხვრება – ექიმი ვალდებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარება ნებისმიერ პაციენტს გაუწიოს, თუმცა სამედიცინო დაწესებულებებს ამის ვალდებულება არ აქვთ, შესაბამისად კლინიკაში მომუშავე ექიმს შეუძლია პაციენტს მომსახურებაზე უარი უთხრას და მიზეზად სამედიცინო დაწესებულება დაასახელოს.

 

”ექიმმა გულწასული ადამიანი ღვთის ანაბარა დატოვა”

პაციენტების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება, თანხის უქონლობის გამო, სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა – პაციენტები და მათი ახლობლები, ”ფორტუნასთან”, საავადმყოფოებში მომხდარ არასასიამოვნო ფაქტებზე საუბრობენ.

”ბიცოლაჩემს ქუჩაში გული წაუვიდა. საავადმყოფოში მიიყვანეს. როგორც თვითონ ამბობს, ძალიან გულგრილად შეხვდნენ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა ისიც კი უთხრა – უპატრონო ხარო. ზერელედ გასინჯეს, ჯანმრთელი ხარო – უთხრეს და სახლში გამოუშვეს” ,- ამბობს ”ფორტუნასთან” დაზარალებულის ახლობელი.

თუმცა, როგორც მოგვიანებით ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, პაციენტი ჯანმრთელი სულაც არ იყო და გულზე სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

”კარდიოლოგმა გულწასული ადამიანი ღვთის ანაბარა მიატოვა. რამდენიმე დღის მერე, მერე საავადმყოფოში მისულს უამრავი პრობლემა აღმოაჩნდა. თუკი იქამდე გულზე არაფერი სჭირდა, ორი კვირის მერე როგორ აღმოჩნდა ბევრი დაზიანება? მე რომ ჩემი კონტაქტები არ გამომეყენებინა, არ ვიცი რა იქნებოდა”, – დასძინა  მან.

 

ჯერ ფული – შემდეგ მომსახურება

სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებებში მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია. ერთ-ერთი დაზარალებული ”ფორტუნასთან” იმ შემთხვევას იხსენებს, როცა საავადმყოფოში მისულს დახმარება იქამდე არ აღმოუჩინეს, სანამ სალაროსთან მყოფს გული არ წაუვიდა.

”საშინელი თავის ტკივილით მივედი საავადმყოფოში, სალაროსთან ძალიან დიდი რიგი იყო. ვთხოვე, ჯერ დახმარება გაეწიათ და თანხას შემდეგ გადავიხდიდი, რაზეც უარი მივიღე. რიგში მდგომმა ტკივილისგან გონება დავკარგე და დახმარება მხოლოდ ამის შემდეგ აღმომიჩინეს”,- ამბობს ”ფორტუნასთან” პაციენტი. (პაციენტებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვეს. ავტ).

 

სამედიცინო დაწესებულებებზე კონტროლი მკაცრდება

”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზე ექიმთან ერთად სამედიცინო დაწესებულებაც ვალდებული ხდება პაციენტს დახმარება ნებისმიერ სიტუაციაში აღმოუჩინოს.

წინააღმდეგობის შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებების და ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.

ვინ გააკონტროლებს და რა ფორმით გაკონტროლდებიან სამედიცინო დაწესებულებები – უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კონსულტაციები მიმდინარეობს და დეტალები მხოლოდ კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

”დახმარებაზე უარის თქმის შემთხვევაში პაციენტს ჩივილის უფლება უნდა ჰქონდეს თუ სამედიცინო დაწესებულებების გარკვეული სიხშირით შემოწმება უნდა დაიწყოს, ჯერჯერობით არ გადაგვიწყვეტია. ზუსტად, რაც ვიცით არის ის, რომ სამედიცინო დაწესებულებები პაციენტებს დახმარებაზე უარს ვერცერთი მიზეზით ვეღარ ეტყვიან. აღნიშნული ინიციატივა კლინიკებში ბევრ ხარვეზს გამოასწორებს”, – აცხადებს ”ფორტუნასთან” უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი

ჯერჯერობით უცნობია, როდიდან შევა ძალაში ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში აღნიშნული ცვლილებები.

გვანცა ბზიავა