ევროპული საქართველოს წევრი, ლაშა დამენია, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკანონო ბრძანების გაცემის გამო, მან სამართლებრივი პასუხი უნდა აგოს.
პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
საუბარია სუს-ის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც იკვეთება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტები.
როგორც გულაშვილმა აღნიშნა, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მან თქვა, რომ აქციის დარბევის ღამის კადრები საბანაძემ ამოაღებინა პარლამენტის სარდაფიდან, სადაც მას სერვერი იწერდა.
“ჩანაწერების მოსმენის შემდეგ, საბანაძე კი არ უნდა დგებოდეს დაკავებული თანამდებობიდან, არამედ პასუხს უნდა აგებდეს იმ უკანონო ბრძანებების გაცემის გამო, რაც ისმის ჩანაწერებში და რისი ძირითადი შემოქმედიც არის თვითონ და მისი პატრონი გახარია 20 ივნისის სისხლიანი დღისა, თვალების დათხრისა და იმ ახალგაზრდებზე ტყვიების დაშენის გამო, რაც ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ.” – განაცხადა ლაშა დამენიამ.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია “მთავარში” გადაცემა “პოსტ ფაქტუმში” გავიდა სიუჟეტი, რომელშიც რესპონდენტი, ივანე გულაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი იყო და მაღალი თანამდებობის პირების დავალებით, ფარული მიყურადებისთვის სათვალთვალო მოწყობილობებს საჯარო პირების საცხოვრებელ სახლებსა თუ სხვადასხვა ტექნიკურ მოწყობილობებზე ამონტაჟებდა.
მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.