LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბავშვო ბაღებში გადავსებული ჯგუფები – რამდენად უსაფრთხოა ჯგუფში 50-60 ბავშვის ყოფნა

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების უმეტესობაში 30 ბავშვზე ერთი აღმზრდელი მოდის ანუ ჯგუფებში, სადაც 52, 58 და 60 ბავშვია, მათი მოვლა, ბავშვებზე ზრუნვა, სწავლა და ა.შ.  გასული წლების მსგავსად, კვლავ ერთ მასწავლებელს და ერთ აღმზრდელს უწევს.  სწორედ  ასეთი მდგომარეობა დახვდათ არდადეგებიდან დაბრუნებულ მცირეწლოვან ბავშვებსა და მათ მშობლებს საბავშვო ბაღებში.   

სწავლა სააღმზრდელო დაწესებულებაში გუშინ დაიწყო და ამის პარალელურად მშობლები უკვე უჩივიან პრობლემებს. პრობლემების ნაწილი ახალია, ნაწილი კი  – ძველი. ყველაზე მეტად წელს მშობლებს ჯგუფების გადავსებაზე აქვთ პრეტენზიები.

კიდევ ერთი პრობლემა, რაც ბაღში მისულ ბავშვებსა და მშობლებს დახვდათ, არასაკმარისი ოდენობის საწოლებია.

სკოლის ადმინისტრაციას გათვლა ამ შემთხვევაში ბავშვების დასწრებაზე აქვთ, რომელიც არასდროსაა, მათი თქმით, 100%-იანი. ხშირია ბაღში აღსაზრდელების გაცდენა სხვადასხვა მიზეზის გამო. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფში ჩარიცხული ყველა ბავშვი მივა ბაღში, ასეთ დროს რა მოხდება, ამაზე პასუხი არ აქვთ და ასეთ შემთხვევაში სავარაუდოა, რომ პატარებს ძილი მორიგეობით მოუწევთ, ან მათი ნაწილი, უბრალოდ, ვერ დაიძინებს. 

ძველია, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება აღმზრდელების არასათანადო კვალიფიკაცია. ისინი ჯგუფში ახლადჩარიცხულ ბავშვებზე სათანადოდ ვერ ზრუნავენ და ხშირად შვილების ტირილსა და წუწუნზე რეაგირებას თავად მშობლებს სთხოვენ, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვებთან მათი და ბაშვებს შორის ურთიერთობა თავად დაასტაბილურონ და პატარებს უცხო გარემოში – ბაღში წასვლა სასიამოვნო პროცესად უქციონ.

„გადავსებულია ჯგუფები. ჩემი შვილის ჯგუფში 60 ბავშვია სიაში. აღმზრდელი ჰყავთ ისევ ორი. გარდა ამისა, იმაზე ბევრად ნაკლები საწოლია, ვიდრე ჯგუფში ბავშვი ირიცხება. ვითომ, ყველა არ იძინებსო, ნაწილი არ მოვაო. ამაზე გათვლა არ მგონია სწორი,“ –  განუცხადა „ფორტუნას“ ლილე დავითაძემ.

მის მსგავსად, ჯგუფში ბავშვების საკმარისზე მეტ ოდენობას უჩივის თათია მაისურაძეც.

ის  ამბობს, რომ მისი შვილის ჯგუფში 42 ბავშვია, საწოლი კი 32. ამ შემთხვევაშიც ბაღის დირექციას გათვლა ბავშვების დასწრებაზე აქვს.

 

„ყველა ხომ არ ივლისო, ასე მიპასუხეს.  გარდა ამისა, ვინც არ მოვა, იმის თეთრეულს გამოცვლიან და სხვა ბავშვისას გადააკრავენო, თუმცა ამის არ მჯერა და დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილის გაცდენის შემთხვევაში, საწოლი თუ არ ეყოფათ, მის თეთრეულში სხვა ბავშვს ჩააწვენენ. ვერც გავაკონტროლებ. ბავშვების შემნახველი კანტორა უფროა, ვიდრე სააღმზრდელო დაწესებულება,“  – ამბობს თათია მაისურაძე.

არცერთ მათგანს ბავშვი ბაღში წელს  პირველად არ მიუყვანია, თუმცა გასულ წელს მსგავსი პრობლემები არ ჰქონიათ.

საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ გადატვირთულ ჯგუფებში ინვენტარის შევსებასა და აღმზრდელების დამატებაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. 

„გადატვირთული ჯგუფებში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამატებთ შესაბამის ინვენტარს. ვაშენებთ ახალ ბაღებს და გადატვირთულობაც ამით მოიხსნება. თუმცა, რაც შეეხება შეკითხვას, რატომ არის გადატვირთული, იმიტომ, რომ მოთხოვნა არის მაღალი და ვცდილობთ, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. ახლა მივიღეთ სათათბირო ორგანოების საშუალებით ის ბავშვები, რომლების მშობლებსაც ჰქონდათ მოთხოვნა. ჩვენც გავითვალისწინეთ მათი ეს მოთხოვნა. ბავშვების დასწრებადობა არის 65-70%. ყველა არ დადის. ამ პრობლემაზე ვმუშაობთ და უახლოეს ორ კვირაში დავამატებთ აღმზრდელებსაც და საჭირო ინვენტარსაც,“ – განუცხადა „ფორტუნას“ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ.

ერთსა და იმავე ოთახში, სადაც აქამდე, საშუალოდ, 30 ბავშვი ირიცხებოდა, წელს კი ეს რიცხვი რამდენიმე ათეულითაა მომატებული, პედიატრები სერიოზულ საშიშროებას ხედავენ ინფექციების გავრცელების კუთხით.

„მაღალი სიმჭიდროვე არამარტო ბაღებში და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ოჯახშიც კი სარისკოა. მაღალი სიმჭიდროვე –  6-7 კაცზეა საუბარი, უკვე ზრდის ინფექციების გავრცელების რიცხვს. თანაც, მკვეთრად ზრდის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებით, ინფექციების განვითარების რისკის შესამცირებლად  ერთი-ერთი კომპონენტია ბავშვების სუფთა ჰაერზე გაყვანა, მინიმუმ, 2 საათის განმავლობაში და ოთახის ხშირი განიავება. ეს კი 60 ბავშვის პირობებში ვფიქრობ, რთული იქნება. 30-ის მაგივრად 60 მეტისმეტია. 30 ბავშვიც კი ძალიან რთულია, გაიყვანო გარეთ, როცა ორი ზედამხედველია. ძალიან რთულია, ამიტომ ხშირად ურჩევნიათ, დატოვონ შენობაში. ეს კი დიდი რისკია ინფექციების გავრცელების,“  – განუცხადა „ფორტუნას“ პედიატრმა ეკა უბერმა

კანონი, რომელიც პარლამენტმა გასულ წელს მიიღო,  2017 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება, თუმცა ის სრულად ძალაში 2020 წელს შევა. კანონით დადგენილია, რომ 2-3 წლიან ჯგუფში აღსაზრდელების რაოდენობა 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. 3-4 წლიან და 4-5 წლიან ჯგუფებში კი 30-ს. გაწერილია ასევე თუ ბავშვების ოდენობაზე რამდენი აღმზრდელი უნდა იყოს გათვლილი.  2-დან 3 წლამდე ბავშვების ჯგუფში აღმზრდელ-პედაგოგების/აღმზრდელების ბავშვებთან თანაფარდობა არ უნდა იყოს 1:13-ზე მეტი; 3-დან 4 წლამდე და 4-დან 5 წლამდე  ბავშვების ჯგუფში 1:15-ზე მეტი.  რაც იმას ნიშნავს, რომ მარტივად თუ დავთვლით, 3-4 წლიანი ბავშვების ჯგუფში 30 ბავშვზე ერთი ზედამხედველი უნდა იყოს, 45 ბავშვზე 3, 60 ბავშვს კი 4 აღმზრდელ/პედაგოგი უნდა ჰყავდეს.

 

ქეთი გიგოლაშვილი 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g