LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საბერძნეთში ტურისტულ ბიზნესს ახალი შეზღუდვები დაუწესდა – 251 პლაჟზე შეზლონგები და ქოლგები აკრძალეს

116
ქირიას NEWS შაბლონი (3)

საბერძნეთის ხელისუფლებამ ქვეყნის 251 სანაპირო ზონა განსაკუთრებულად დაცულ ტერიტორიად გამოაცხადა და იქ შეზლონგების, მზის ქოლგების, დროებითი ბარებისა და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის განთავსება აკრძალა. მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანი სანაპირო ეკოსისტემების, ბიომრავალფეროვნებისა და ბუნებრივი ლანდშაფტის დაცვაა.

აკრძალვა შეეხო სანაპიროებს, რომლებსაც „განსაკუთრებული ეკოლოგიური ან ესთეტიკური ღირებულება“ აქვთ. საუბარია როგორც კუნძულებზე მდებარე პოპულარულ პლაჟებზე, ისე მატერიკულ სანაპირო ზოლზე. მათ შორისაა კიკლადების, დოდეკანესისა და იონიის კუნძულების რამდენიმე ცნობილი ლოკაცია.

ახალი წესების მიხედვით, დამსვენებლებს პლაჟებზე შესვლა და ბანაობა კვლავ შეეძლებათ, თუმცა ადგილზე აღარ იქნება შეზლონგები, ქოლგები, ბარები ან ხის ბილიკები. ვიზიტორებს დასვენებისთვის საჭირო ნივთების, მათ შორის წყლისა და საკვების წამოღება თავად მოუწევთ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ სანაპიროებზე ტურისტული დატვირთვა ბოლო წლებში კრიტიკულად გაიზარდა. მხოლოდ 2025 წელს საბერძნეთს თითქმის 40 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც ქვეყნის ეკოსისტემებზე სერიოზულ ზეწოლას ქმნის, განსაკუთრებით პატარა კუნძულებსა და დაცულ ბუნებრივ ზონებში.

სპეციალისტების თქმით, სანაპიროების ნაწილი მნიშვნელოვანი ჰაბიტატია იშვიათი სახეობებისთვის. მაგალითად, ხმელთაშუა ზღვის კუები თუ უნიკალური სახეობის თევზები ამ ტერიტორიებს გამრავლებისა და დასვენებისთვის იყენებენ. გარემოს დამცველები მიიჩნევენ, რომ სანაპიროების გადატვირთვა და მასობრივი ინფრასტრუქტურა ამ ცხოველების ბუნებრივ გარემოს საფრთხეს უქმნის.

საბერძნეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ ახალი შეზღუდვები ქვეყნის ყველაზე უნიკალურ პლაჟებს მაქსიმალურად ხელუხლებელ მდგომარეობაში შეინარჩუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g