LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც: კუჭავა

66
კახა კუჭავა

“დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას.” – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის რეპლიკას – რომლის მიხედვითაც, “ევროკავშირის დროშა თავზე ორჯერ დაახიეს”.

კახა კუჭავამ სამადაშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რომ უფრო ეფექტიანად იყოს დაცული ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც ევროკავშირის დროშაც წარმოადგენს:

“დანაშაული ხდება ყველგან და სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას. რეაგირებაც შესაბამისი იყო. მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა.

არავინ ამბობს, რომ რაც მოხდა კარგი იყო, მაგრამ ვერ ვნახეთ სამართლებრივი ნორმა, როგორ შეიძლება ვაგებინოთ პასუხი, ერთად ვიმსჯელოთ ამაზე და საკანონმდებლო ცვლილებები განვახორციელოთ, საჭიროა, რომ შემდეგზე უფრო ეფექტიანად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სიმბოლიკა, რომლის ნაწილსაც წარმოადგენს ევროკავშირის დროშაც, როგორც კონსტიტუციური ჩანაწერი ჩვენი ევროატლანტიკური გზისა.” – თქვა კუჭავამ.

შეგახსენებთ, პლენარული სხდომის დაწყების დროს, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და უთხრა, რომ ის წარმოადგენს ხელისუფლებას, რომელმაც ჟურნალისტებზე დაგეშა და სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები:

“უცნაური განცხადებაა იმ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომელსაც აქ ორჯერ თავზე დაგახიეს ევროკავშირის დროშა ბატონო კახა და თქვენ, უმრავლესობავ, თქვენ წარმოადგენთ იმ ხელისუფლებას, რომელმაც ჟურნალისტებზე დაგეშა და სანადიროდ მიუშვა მოძალადეების ჯგუფები. თქვენი პრემიერ-მინისტრი დღეს დილით ბედავს და გვემუქრება, ემუქრება დამოუკიდებელი საქართველოს დამოუკიდებელ მედიას და ემუქრება ყველა ჩვენთაგანს, ვინც ბედავს და დამოუკიდებელი აზრი გვაქვს ამ ქვეყანაში. სწორედ ამიტომ თქვენ დღეს აქ, ამ დარბაზში დარჩებით მარტო.” – თქვა სამადაშვილმა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები