ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აქტივისტები და ჯანდაცვის ექსპერტები ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ და მდუმარე აქცია-პერფორმანსი გამართეს.
“სად არის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა”? – ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც აქციის მონაწილეები სვამენ.
ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლებას. ამბობენ, რომ მთავრობამ კოვაქსპლატფორმასთან ურთიერთობისთვის არასწორი გზა აირჩია და ის, რომ ქვეყანას ვაქცინა ჯერ არ მიუღია, არის მმართველი გუნდის უნიათობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგი.
აქციაზე იმყოფებოდა გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი გიორგი ჩალაძე, რომელმაც პროტესტის დღევანდელი ფორმა განმარტა.
“ეს აქცია-პერფორმანსი არის მდუმარე, რომელიც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს პროტესტს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, იმ უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომელიც გამოიჩინა ჩვენმა მთავრობამ. ეს არის უნიათობა, ეს არ არის არაპროფესიონალიზმი, ეს არის სურვილის არ ქონა”. – თქვა ჩალაძემ.
აქციას შეუერთდა პოლიტიკური პარტიის “ლელო საქართველოსთვის” წევრი, ჯანდაცვის ექსპერტი ვახტანგ სურგულაძეც. ის ამბობს, რომ ქვეყანას მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს.
“ბევრჯერ ვთხოვეთ, რომ იქნებ ჩვენც ჩაგვრთოთ ამ პროცესში, ჩვენც გავიზიარებთ ამ პასუხისმგებლობას, ჩვენც დაგეხმარებით, მაგრამ სრული იგნორირებაა ჩვენი თხოვნების. ამ შემთხვევაში, რა შუაშია ოპოზიცია, პოზიცია, ქვეყანას აქვს სერიოზული პრობლემა”. – თქვა მან.
გუშინ, ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ვაქცინის დაგვიანებით შეწუხებულია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია 103 ქვეყანაში დაიწყო, უმეტესმა ქვეყანამ კი მოსახლეობა ჩინური და რუსული პრეპარატით აცრა, რაც საქართველოსთვის მიუღებელია.
თენგიზ ცერცვაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის ვადებმა სავარაუდოდ 2-3 კვირით გადაიწია, რასაც მოჰყვა სერიოზული ვნებათაღელვა და განმარტა, რომ ვაქცინების დეფიციტი მთელს მსოფლიოშია.
კარგი ხარისხის ვაქცინა თუ გვინდა, მაშინ ორი-სამი კვირაც მოვითმინოთ – თენგიზ ცერცვაძე
