LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად გადავა ელიავას ბაზრობა? – არჩევნების შემდეგ ბაზრობას შესაძლოა, ადგილი შეუცვალონ

ელიავას ბაზრობის გადატანა კვლავ დღის წესრიგში დგება. თბილისის განვითარების გენერალური გეგმის ავტორები დედაქალაქის მერიას ელიავას ბაზრობის გადასატანად 2 ალტერნატიულ ტერიტორიას სთავაზობენ.

ბაზრობის გადასატან ერთ-ერთ ალტერნატიულ წერტილად  თემქის ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორია მოიაზრება.  ბაზრობის ამჟამინდელი ადგილას კი სარეკრეაციო ზონის და პარკის აშენებაა დაგეგმილი.

თბილისის განვითარების გენერალური გეგმის კოორდინატორის, არქიტექტორ გიორგი აბაშიძის, ინფორმაციით, ერთი მხრივ, ელიავას ბაზრობა ქალაქის კულტურის ნაწილია და მისი გაქრობა დაუშვებელია, თუმცა ამჟამინდელ ტერიტორიაზე გადატვირთული  სატრანსპორტო კვანძის მთავარი მიზეზია, ბაზრობა  პრობლემებს უქმნის მოსახლეობასაც.

„ელიავას ბაზრობის მთავარი პრობლემა მის ირგვლივ მოსახლეობის არსებობაა . აქ ღია სივრცეში იყიდება ცემენტი, ქვიშა, საღებავები და ბაზრობის ირგვლივ მოსახლეობის ავადობა ყველაზე მაღალია.  ამავდროულად, ელიავა დაკავშირებულია კერძო მესაკუთრეების ინტერესებთანაც . იქ განთავსებულია სასაწყობე ფართები , ხელმისაწვდომია ტრანსპორტის კუთხითაც, რაც ბაზრობის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. სწორედ ამიტომ ალტერნატიულ ტერიტორიად შეირჩა თემქის  ვაგონმშენებელი ქარხნის ადგილი,  რომელიც საწარმოო ტერიტორიაა, ირგვლივ არ არის მოსახლეობა და  შესაძლებელია სასაწყობე ფართების განთავსებაც , ტრანსპორტის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ახლოსაა დიდუბესთან,“ – განუცხადა „ფორტუნას „ გიორგი აბაშიძემ.

ელიავას ბაზრობის  მეორე ალტერნატიულ ტერიტორიად  თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი მერიას მოსკოვის პროსპექტის მიმდებარედ არსებული ტერიტორიას სთავაზობს.

საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის მერიამ  ელიავას ბაზრობის კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შემდეგ უნდა მიიღოს.

ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხის გააქტიურებას ხელისუფლებისგან   წინასაარჩევნოდ არ უნდა ველოდოთ, რადგან საკითხი პრობლემატურია. ბაზრობის არსებული ტერიტორიიდან გადატანას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ელიავას ბაზრობის ადმინისტრაცია. ბაზრობის მესაკუთრეებს განვითარების ალტერნატიული გეგმა გააჩნიათ,  რომელსაც მერიას წარუდგენენ.

ელიავას ბაზრობის ერთ -ერთი მესაკუთრე შპს. „ან-ჯის“ დირექტორის, გიორგი ანდრიაძის, ინფორმაციით, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს ქალაქის განვითარებასთან დაკავშირებით სწორი ხედვა არ გააჩნია და დოკუმენტზე  მუშაობის პროცესში ბაზრობის ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ, არც ალტერნატიულ წინადადებებს  გასცნობიან.

ბაზრობის ადმინისტრაციის ალტერნატიული პროექტი ტერიტორიის იერსახის ცვლილებას, გამწვანებას და ახალი, მრავალფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტები გააჩნიათ ბაზრობის სხვა მეწილეებსაც, რომელიც ელიავას ბაზრობის სავაჭრო ცენტრად გადაკეთებას გულისხმობს.

„ელიავას ბაზრობას სახელმწიფო ბიუჯეტში ასეულობით ათასი ლარი შეაქვს და ქვეყნის ეკონომიკისთვის ბიზნესის ასეთი რყევა გამართლებული არ არის. ელიავას ბაზრობის მომხიბვლელობა მის ტერიტორიული მდებარეობაშია  –  ხელმისაწვდომია ტრანსპორტის კუთხით, ადვილად მისადგომია მოსახლეობისთვის და ქალაქგარეთ გადასვლის შემთხვევაში, ამ მომხიბვლელობას დაკარგავს, ათასობით ადამიანი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩება,“ –  ამბობს „ფორტუნასთან „ გიორგი ანდრიაძე.

რაც შეეხება ადგილობრივი მოსახლეობის პრეტენზიებს და სატრანსპორტო კვანძის გადატვირთვას, ბაზრობის ერთ-ერთი მესაკუთრე პრობლემებს ელიავას შემდგომ სპონტანურად წარმოქმნილ მეორადი საბურავების და სამშენებლო მასალების ბაზრობას უკავშირებს.

„ ელიავას ბაზრობას  სამი მხრიდან მოსახლეობა არ ესაზღვრება, საცხოვრებელი კორპუსი მხოლოდ ბაზრობის ჩრდილოეთ მხარეს არის და ამ კორპუსის ქვემოთაც თავად მაცხოვრებლებს აქვთ ფართები გაქირავებული. ბაზრობასა და მოსახლეობას შორის მანძილი 100 მეტრია, შუაში სპორტული მოედნით,  რომელიც თავად ბაზრობის ადმინისტრაციის სახსრებით არის გაკეთებული.  დაბინძურებას ქმნის არა ელიავა, არამედ ხოშარაულზე სამშენებლო მასალების ბაზრობა, სადაც ქვიშა, ცემენტი ღია ცის ქვეშ იყიდება და ეს ტერიტორია გენგეგმაში უცვლელად არის დატოვებული,“ – განმარტავს ანდრიაძე.

 

როგორც „ფორტუნასთვის“ გახდა ცნობილი, ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა მერიას უკვე მომავალ კვირას ექნება. გეგმის კონკრეტული დეტალები ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.

 

თამუნა გოგუაძე 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g