LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სად მიდის ლიფტის შავ ყუთში ჩაყრილი ფული?

მაღალსართულიან შენობებში მოქმედი ლიფტებიდან ნაწილი ფასიანია, რაშიც მოსახლეობა ყოველდღიურად ასვლასა და ჩამოსვლაში 5-10 თეთრს იხდის. მაცხოვრებლების მიერ გადახდილ თანხას კი, ხშირ შემთხვევაში, ლიფტის ის კერძო კომპანია იღებს, რომელიც სადარბაზოს ან კორპუსს ემსახურება და წესით, ეს თანხა ლიფტების მომსახურებას, საჭირო გადასახადებს, შეკეთებას და სხვა საჭიროებებს უნდა ხმარდებოდეს. მაგრამ, როდესაც ეს საჭიროება დგება, მოსახლეობას ისევ დამატებით თანხის შეგროვება და პრობლემის ისე მოგვარება  უწევს.

„ფასიანი ლიფტი“  ხშირ შემთხვევაში უცხოელებისთვის გაუგებარი ფენომენია, რადგან განვითარებულ ქვეყნებში  ლიფტების მუშაობაზე პასუხისმგებელი  შენობის  მფლობელია. ეს ეხება საცხოვრებელსაც  და  საოფისე  შენობებსაც. საქართველოში კი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილია, ლიფტების  საკითხმა, რომელიც, თითქოს.  უმნიშვნელო იყო, საკმაოდ ბევრი პრობლემა შექნა, დაწყებული იქიდან, რომ  უშუქობის დროს გაჩერებული ლიფტები ჯერ გაძარცვეს და ნაწილები ჯართად ჩააბარეს და შემდეგ ამუშავება ბიუჯეტის ფულით მოითხოვეს და ხელისუფლებაც საარჩევნოდ ამ თემას კარგად იყენებდა და ბოლოს, უსაფრთხოებით დამთავრებული.  ასე თუ ისე, ზოგან მთლიანად  ბიუჯეტის   ფულით, ზოგან კი ნაწილობრივ და ზოგანაც მოსახლეობის თანხით აამუშავეს ეს ლიფტები. შემდეგ მუშაობისთვის კი მუდმივად მეთვალყურეობა და ბოლოსდაბოლოს მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდა სჭირდება.  ამ პრობლემის მოსაგვარებლად კი ლიფტებში ყუთების დამონტაჟება დაიწყეს, სადაც ლიფტით მგზავრობის საფასური უნდა ჩააგდო.  

როგორც „ფორტუნას“ ლიფტის კერძო კომპანიებში განუცხადეს, ფასიანი ლიფტებიდან ამოღებული თანხა ძირითადად მის მომსახურებას, შეკეთებასა და ელექტროენერგიის ყოველთვიურ საფასურს ხმარდება. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტს ძვირადღირებული ნაწილი გაუფუჭდა, შესაძლოა, კერძო კომპანიამ თანხის დამატება მცხოვრებლებსაც სთხოვოს.

„ჩვენ ლიფტს რაც სჭირდება, ყველაფერში ვიხდით ფულს, ნაწილებშიც, ელექტროენერგიის გადასახადსაც ვფარავთ და ამაში შედის ჩვენი ანაზღაურებაც. ლიფტიდან ამოღებულ ფულს ვაფორმებთ შესაბამისად და, როგორც შპს, ვიხდით ყველა გადასახადს ბიუჯეტში. რაც შეეხება ძვირადღირებულ ნაწილზე თანხის დამატებას, გააჩნია ლიფტის ხარისხსა და მოსახლეობის რაოდენობას, ინდივიდუალურია ყველა ლიფტის შემთხვევაში ძვირადღირებულ ნაწილზე თანხის დამატების მოთხოვნა,“ – განუცხადეს  ლიფტის კომპანიაში „ფორტუნას.

ძვირადღირებული ნაწილის გაფუჭებისას თანხის დამატებას ადასტურებენ მოქალაქეებიც. ნინო ბერიძის თქმით, ლიფტიდან ამოღებული თანხით ლიფტის კერძო კომპანიის თანამშრომელი ყველა იმ წვრილ ხარჯს ფარავს, რომელიც ყოველთვიურად არის გასასტუმრებელი. ხოლო რაც შეეხება ძვირადღირებულ ნაწილებს მას და მის მეზობლებს ამაში დამატებით თანხის შეგროვება რამდენჯერმე მოუწიათ.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ამ შავ ყუთში ერთხელ ჩაგდებული 5 თუ 10-თეთრიანი საკმარისი არ იყოს, მონეტა ჩაყლაპოს და  კიდევ რამდენიმეს ჩაგდება მოგიწიოთ. რაც მთავარია, ეს იმდენად ხშირად ხდება. რომ ლიფტით სარგებლობისთვის ჯიბე მუდმივად ხურდა ფულით უნდა გქონდეთ სავსე, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, ამ პრინციპით ლიფტის ყუთებში ფული რამდენი გროვდება.

ვინ აკონტროლებს ლიფტებიდან ამოღებული თანხების ოდენობას და აისახება თუ არა ის სწორად კომპანიის დოკუმენტებში, რაიონულ გამგეობებში ამაზე პასუხისმგებლობას იხსნიან.

სამგორის რაიონის გამგეობის თანადაფინანსებული პროექტების განყოფილების უფროსი, დავით გიორგაძე, აცხადებს, რომ ლიფტთან დაკავშირებულ საკითხებს კორპუსის ამხანაგობები აგვარებენ და გამგეობა ამაში არ ერევა.  იმავეს აცხადებენ დიდუბის გამგეობაში. როგორც „ფორტუნას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უთხრეს, გამგეობა მხოლოდ ლიფტის თავდაპირველი შეკეთებისას აფინანსებს ამხანაგობას, თუმცა ის არც გაკეთებულ სამუშაოებსა და არც კომპანიის მუშაობაზეა პასუხისმგებელი.

როგორ აკონტროლებს სახელმწიფო ლიფტის იმ კერძო კომპანიების შემოსავლებს, რომლებიც ე.წ. ფასიან ლიფტებს ემსახურებიან და იმ შემთხვევაში თუ ლიფტის კომპანია, კონკრეტული ლიფტიდან თანხის ამოღებისას ოფიციალურად გაცილებით ნაკლებ თანხას მიუთითებს და შემოსავალს დამალავს, გაკონტროლების რა მექანიზმი აქვს შემოსავლების სამსახურს, მათ ამ კითხვაზე ჩვენი არაერთი თხოვნის მიუხედავად, არ გვიპასუხეს.

 

 

ქეთი გიგოლაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g