ბავშვების შემხედვარე ადვილი მისახვედრია, როგორ ცხოვრობენ ადამიანები ამა თუ იმ ქვეყანაში. მათ არ შეუძლიათ საკუთარი ემოციების დაფარვა და ყველაზე ბუნებრივად გამოხატავენ მათ.
ჯეიმს მოლისონმა გამოუშვა წიგნი სახელწოდებით „სად სძინავთ ბავშვებს“, რომელიც იმ ბავშვებისა და ადგილების ფოტოებისგან შედგება, სადაც მათ სძინავთ. პროექტი კულტურული განსხვავებულობისა და სოციალური უთანასწორობის ილუსტრაციას წარმოადგენს. გთავაზობთ ათ მათგანს:
რისა, 15 წლის. იაპონია
რისა ოცდაათ ქალთან ერთად კიოტოში ცხოვრობს, სადაც სწავლობს იმისთვის, რომ გეიშა გახდეს. დღეში რამდენიმე საათი ის ჩაის მომზადებას, ცეკვას, სიმღერას და ორატორულ ხელოვნებას ეუფლება.
დონგი, 9 წლის. ჩინეთი
დონგი და მისი დები და მშობლები ერთ ოთახში ცხოვრობენ. მისი ოჯახი ბრინჯის მოყვანით არის დაკავებული. მომავალში დონგს პოლიციელობა სურს.
ალექსი, 9 წლის. ბრაზილია
ალექსი არ დადის სკოლაში. ის ქუჩაში იზრდება. შეძლებულ ხალხს მანქანიდან ხშირად პარავს ნივთებს, ხოლო ღამეს ძირითადად პარკებში სკამებზე ათენებს. ხანდახან კი საკუთარ ოჯახს სტუმრობს, რათა ისადილოს.
სახელი არ არის ცნობილი, 9 წლის. აფრიკა
ამ ბიჭუნამ ვინაობის გამხელა არ ისურვა. 7 წლის ომში იყო. ის ჯარისკაცია, რადგან ჯარში მას აჭმევდნენ და ფულსაც უხდიდნენ. მომავალში მასწავლებლობა სურს.
ლეი ლეი, 4 წლის. ტაილანდი
ლეი ლეი ტაილანდში დევნილია. ის ობოლია და ბავშვთა სახლში ცხოვრობს, რომელიც ორ სათავსოდ არის გაყოფილი. დაძინებისთვის მასში არსებულ მერხებს ერთმანეთზე დგამენ და ისე იძინებენ. სახლში 21 ობოლი ბავშვი იზრდება.
იფტახი, 10 წლის. პალესტინა
იფტახი მამასთან ერთად პალესტინაში ცხოვრობს. ის მზის ენერგიის გამოყენებას სწავლობს. სამომავლოდ კი ისრაელის ჯარის პილოტობა სურს.
დუხა, 10 წლის. ისრაელი
დუჰა პალესტინელი დევნილების ბანაკში ცხოვრობს, რადგან მისი ძმა, მუჰამედი, თვითმკვლელი-ტერორისტი იყო, რომელმაც საკუთარ თავთან ერთად 23 ადამიანი ააფეთქა. ისრაელის ხელისუფლებამ დასჯის მიზნით ოჯახს ყველაფერი ჩამოართვა. გოგონას ძმის პორტრეტი ოთახში უკიდია.
ნეტუ, 11 წლის. ნეპალი
ნეტუ 11 ადამიანთან ერთად 4×6 ფართის მქონე, პლასტიკატებისგან შეკრულ ოთახში ცხოვრობს.
როტი, 8 წლის. კამბოჯა
როტი ოჯახთან ერთად ნაგავსაყრელზე ცხოვრობს. ისინი ყოველდღიურად ნაგავში ეძებენ ნივთებს, რაც გამოადგებათ. მაგალითად ბიჭუნას საწოლი სხვადასხვა საშუალებებით არის შეკრული. ოჯახი ნაგავში ცხოვრებისთვის ქირას იხდის.
ჯასმინი, 4 წლის. აშშ
ჟასმინს უყვარს, როდესაც „ჟაზის“ ეძახიან. მშობლებთან და სამ ძმასთან ერთად დიდ სახლში ცხოვრობს. მისი ოთახი სავსეა გვირგვინებით, რომლებიც მან საბავშვო სილამაზის კონკურსებში მოიგო. ჟასმინი როკ-ვარსკვლავობაზე ოცნებობს.









