LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს

60

თბილისში,  ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ქართველმა გამომგონებლებმა ყველაზე მეტი ოქროს მედალი მოიპოვეს. როგორც ”ფორტუნას” ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს,  ოლიმპიადა სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 21-22 აპრილს გამართულ გამოფენაზე, 150 სხვადასხვა პროექტი და სტენდი იქნა წარმოდგენილი ”თბილისი მოლში”. პროფესორ-მეცნიერებისგან დაკომპლექტებული ჟიური დეტალურად ეცნობოდა გამოფენილ ექსპოზიციებს, ახალგაზრდების გამოგონებებს და კვლევის შედეგებს. ჟიურისთან ერთად დამთვალიერებელებსაც ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ თითეული ქვეყნის კუთხეს, მათ კულტურას და თავად ინოვაციურ გამოგონებებს.

”წარმოდგენილი 150  ნამუშევრიდან ჟიურიმ პირველ, მეორე და მესამე ადგილებზე გასული პროექტები გამოვლინა, რომლებსაც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები და სერთიფიკატები გადაეცათ. ფავორიტი გუნდები დააჯილდოვა პროექტის მხარდამჭერმა ქალაქ თბილისის მერიამ. რჩეულ ქართულ გუნდებს ოქროს მედლებთან ერთად კომპიუტერებიც გადაეცათ. ასევე საკუთარი რჩეული პროექტები დაასახელა ”თბილისი მოლმაც”. დაჯილდოვებაზე ტრადიციულად ”საქპატენტის” ფავორიტი გუნდებიც გამოვლინდნენ, რომლებიც ასევე ფასიანი პრიზებით დააჯილდოვა პროექტის პარტნიორმა. წელს ქართველმა მონაწილეებმა განსაკუთრებული პროექტები შესთავაზეს დამთვალიერებლებს. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა და-ძმა ხუციშვილების ნაშრომმა (ახალციხე), კოსტა და გიორგი ბუთბაიებმა, ასევე ტყუპმა ძმებმა ჯაჭკაჭიშვილებმა, ბათუმელმა ახალგაზრდებმა ბასო შარაშიძემ და ცოტნე შოთაძემ, რომლებმაც ინოვაციური ჯოხის მოდელი შექმნეს უსინათლოებისთვის”, – განაცხადეს ოლიმპიადის ორგანიზატორებმა.

მათივე ინფორმაციით, საერთაშორისო ოლიმპიადის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ მათ საკუთარი ინოვაციური გამოგონებები, რაც შეიძლება ფართო წრეებს გააცნონ. ოლიმპიადა, ერთის მხრივ ეხმარება ახალგაზრდებში სამეცნიერო უნარების განვითარებას, ხოლო მეორეს მხრივ ხელს უწყობს ინოვაციაზე დამყარებულ ბიზნეს იდეების განვითარებას.

ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეათე საერთაშორისო ოლიმპიადა (International Young Inventors Project Olympiad -iyipo) ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა შეუძლია VII-XII კლასის მოსწავლეს, რომელსაც საკუთარი გამოგონება აქვს და რომელმაც გამარჯვება უკვე მოიპოვა ქვეყნის მაშტაბით ჩატარებულ რესპუბლიკურ ტურნირში. IYIPO მოიცავს შემდეგ დისციპლინებს: ქიმია, ბიოლოგია, ინჟინერია, ფიზიკა, ინფორმატიკა, მათემატიკა.

თბილისში წელს გამართულ ოლიმპიადაში  400-ზე მეტმა ნორჩმა გამომგონებელმა მიიღო მონაწილეობა და ჯამში 30 ქვეყნის დელეგატი ეწვია დედაქალაქს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები