LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთი ალპებში ველური ბუნების აღდგენის ყველაზე მასშტაბურ პროექტს იწყებს

103
euro-pulseru-1787-15763d

საფრანგეთში, ალპების რეგიონში, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური პროექტი იწყება – მეცნიერები ნახევარ მილიონ ჰექტარზე ველური ბუნების აღდგენას გეგმავენ. პროექტის ფარგლებში რეგიონში ბიზონები, ფოცხვერები, მგლები, გარეული ცხენები და სხვა სახეობები უნდა დაბრუნდნენ.

პროექტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთის მთიან მასივში ხორციელდება, სადაც საუკუნეების წინ მრავალფეროვანი ეკოსისტემა არსებობდა. მეცნიერები ე.წ. „rewilding“-ის კონცეფციას ეყრდნობიან – ეს ბუნების აღდგენის მოდელია, რომელიც ადამიანის მინიმალურ ჩარევას გულისხმობს.

სპეციალისტების განმარტებით, სხვადასხვა ცხოველი ეკოსისტემაში საკუთარ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მაგალითად, ირმები, შვლები და გარეული ცხენები ბუჩქებსა და მცენარეულობას აკონტროლებენ, რის შედეგადაც ტყე მეტ სინათლეს იღებს და ახალი მცენარეების ზრდისთვის უკეთესი გარემო იქმნება.

მტაცებლები – მგლები და ფოცხვერები დაავადებული ან სუსტი ცხოველების რაოდენობას ამცირებენ, რაც ინფექციების გავრცელების რისკს ამცირებს. თავის მხრივ, გრიფები ეკოსისტემის „სანიტრებად“ მიიჩნევიან, რადგან მკვდარი ცხოველების ნარჩენებს ანადგურებენ.

პროექტის ნაწილი მდინარეების ბუნებრივი კალაპოტების აღდგენაც იქნება. წლების განმავლობაში ბევრი მდინარე ხელოვნურ არხებად გადააკეთეს, რაც წყლის ბუნებრივ ცირკულაციას აფერხებდა. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ მდინარეების პირვანდელი ფორმის დაბრუნება წყალდიდობების რისკსაც შეამცირებს და მცენარეულობის აღდგენასაც შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები