LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საფრანგეთის შემდეგ, საქართველოსთვის გერმანიის და კიდევ რამდენიმე ქვეყნის შრომის ბაზარი გაიხსნება

job

საფრანგეთის შრომის ბაზრის შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებისთვის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნის შრომის ბაზარი გაიხსნება. საქართველომ საფრანგეთთან კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. როგორც “ფორტუნას” საგარეო უწყებაში უთხრეს, ასეთივე შეთანხმება კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან გაფორმდება. ამ თემაზე “ფორტუნა” საგარეო უწყების წარმომადგენელს ვლადიმერ კონსტანტინიდს ესაუბრა.

საფრანგეთის მიერ რატიფიცირებული შეთანხმება 650 კვოტას ითვალისწინებს. წელიწადში150 კვოტა ახალგაზრდა სპეციალისტებზეა გამოყოფილი, რომელთა ასაკი 18-დან 35 წლამდეა, სხვა კატეგორიაზე კი 500 კვოტა გამოიყოფა. ახლა ფრანგულმა მხარემ მოთხოვნადი პროფესიების ნუსხა უნდა შეადგინოს, შემდეგ კი საკვალიფიკაციო მოთხოვნები გაიწეროს. როგორც ვლადიმერ კონსტანტიდი ამბობს, ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა, შეთახნმების პრაქტიკული განხორციელების ვადები ფრანგულ მხარესთან კონსულტაციების მიმდინარეობაზეა დამოკიდებულია. მას შემდეგ, რაც შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება დაიწყება, საფრანგეთში დასაქმების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს უნდა მიმართონ.

„ახლო მომავალში გვექნება ნუსხა და დადგინდება საკვალიფიკაციო მოთხოვნებიც. თუმცა, ზუსტი თარიღის დასახელება გაგვიჭირდება, რადგან მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული,“ – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

 

მსგავსი შეთანხმების ინიცირება საქართველომ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში მოახდინა. როგორც ვლადიმერ კონსტანტინიდი აღნიშნავს, პრინციპული თანხმობა საქართველომ უკვე მიიღო საბერძნეთიდან, ისრაელიდან და პოლონეთიდან.

„საბერძნეთში მოხდა ინიცირება, რაზეც ბერძნული მხარისგან პრინციპული თანხმობა უკვე მივიღეთ, მუშაობა მიმდინარეობს ისრაელთან, საინტერესო სურათი გვაქვს პოლონეთთან. იქ ჩვენ უკვე განვახორციელეთ ე.წ. საპილოტე პროგრამა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, სადაც ჩვენი მოქალაქეები დასაქმდნენ და დღეისთვის პოლონეთში 30-მდე მოქალაქე მუშაობს საინჟინრო მიმართულებით. ახლა ვმუშაობთ ორმხრივ შეთანხმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომ ამას ცირკულარული ხასიათი მიეცეს.

ჩვენ ინიციარება მოვახდინეთ პორტუგალიასთან და ბულგარეთთანაც. შესაძლოა, ეს ქვეყნები საფრანგეთთან და გერმანიასთან შედარებით, ნაკლებად განვითარებულია და მათი შრომის ბაზარი შეიძლება, ასეთი საინტერესო არ არის, მაგრამ მაინც არის მოთხოვნა და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება, რომ თუნდაც შედარებით მცირე ბაზრებიც ავითვისოთ,“ – აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საფრანგეთთან შეთანხმების მიღწევას დაახლოებით 5 წელი დასჭირდა, თუმცა, საგარეო უწყებაში სხვა ქვეყნების შემთხვევაში, შედეგს უფრო მალე ელოდებიან.

„საქართველოს პარლამენტმა ამის ინიცირება ჯერ კიდევ 2013 წელს მოახდინა, სამუშაოებმა საკმაოდ დიდი დრო წაიღო, მთელი 5 წლის განმავლობაში აქტიურად ვმუშაობდით, რომ ეს შედეგი დამდგარიყო, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ სხვა შემთხვევებში პროცესი უფრო მალე წარიმართება. განვითარებულ ქვეყნებში იმის მიუხედავად, რომ მუშა ხელზე მოთხოვნა მაღალია, პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნებიდანაც დიდია ინტერესი და ბევრი ქვეყანა მიმართავს, ამიტომ ამის გამო მუშაობაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს,“ – განმარტავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

მისივე ინფორმაციით, ასეთივე შეთანხმების ინიცირება საქართველომ მოახდინა გერმანიაშიც, თუმცა, გერმანიამ უკვე გადაწყვიტა, რომ ე.წ. მესამე ქვეყნების მოქალაქეები, რომელთა რიცხვშიც საქართველოც შედის, ევროკავშირის წევრ მოქალაქეებს გაუთანაბროს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის გერმანიის შრომის ბაზარი გაიხსნება.

„დიფერენცირება აღარ მოხდება და ჩვენს მოქალაქეებს შეეძლებათ გერმანიის შრომით ბაზარზე მოსინჯონ თავისი შესაძლებლობები. ეს პროცესი გერმანიაში უკვე პარლამენტის დონეზეა, შეტანილია პროექტი და რამოდენიმე ეტაპი გაიარა. როცა მოხდება ამის დამტკიცება პარლამენტის მიერ, შემდეგ უკვე კონკრეტული ვადები გვეცნობება,“- აღნიშნავს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

გერმანიის შემთხვევაში კვოტებზე საუბარი არ არის და გადაწყვეტილება ყველას ეხება.

„აქ ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი პროფესიები იქნება საჭირო მათ შრომით ბაზარზე და რამდენად მოვახერხებთ ჩვენი მოქალაქეების კვალიფიკაციით ამის შევსებას,“ – ამბობს ვლადიმერ კონსტანტინიდი.

საგარეო უწყების წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ ქვეყნის შრომის ბაზარზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. ამ ეტაპზე  ცნობილია, რომ გერმანულ ბაზარზე, სხვადასხვა პროფესიების მიხედვით, დაახლოებით 400 000-მდე ადამიანის მოთხოვნაა და ვარაუდობენ, რომ მომდევნო წლებში ეს რიცხვი პროგრესულად გაიზრდება.

magti 5g