LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგულ პოლიტიკაში უჩვეულო გამოცოცხლებაა: საფრანგეთმა აღმოსავლეთით გამოიხედა

119
20230722_EUP002

საფრანგეთი ისევ ხდება მთავარი მოთამაშე ევროპულ და საერთაშორისო პოლიტიკაში.

არც თუ დიდი ხნის წინ მაკრონმა ოდესაში ჯარისკაცების გაგზავნის საჭიროებაზე განაცხადა. გაზეთი Le Monde ელისეის სასახლის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საფრანგეთი ჯერ კიდევ 2023 წელს განიხილავდა უკრაინაში ჯარის გაგზავნას.

ამავე პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მაკრონმა კონფლიქტთან და მოლაპარაკებებთან მიმართებით მიდგომა შეცვალა. 2022 წლის პირველ ნახევარში საფრანგეთის ლიდერი პრეზიდენტ პუტინთან დიალოგს ემხრობოდა, მაგრამ 2022 წლის სექტემბერში მას იმედები გაუცრუვდა, მისი რიტორიკაც შეიცვალა და აქტიურად დაიწყო გამოსვლა უკრაინის მხარდასაჭერად.

7 მარტს მაკრონმა დაანონსა, რომ უახლოეს თვეებში საფრანგეთი კიშინიოვში მუდმივმოქმედ სამხედრო მისიას გახსნის. ამოცანა იქნება მოლდოველი ჯარისკაცების მომზადება.

იყო დრო მაკრონი ამბობდა, რომ ევროპის კავშირში საერთო პოზიციით მივიდოდნენ. ეს არ ნიშნავს იმას, რმ ყველა ყველაფერში დაეთანხმებოდა ერთმანეთს, მაგრამ არ სურდა დროის ფლანგვა უთანხმოებაზე. ეს გამოიწვევდა ევროპის დამუხრუჭებას, ხოლო წინსვლის გასაღებია – ევროპა, რომელიც იცავს.

გერმანიასა და საფრანგეთს ერთიანი ისტორიული ბედი და პერიპეტიები აერთიანებს. ეს არის ორი ქვეყანა, რომლებიც ევროპის მომავალზე პასუხისმგებლობას გრძნობენ.

როგორც ამბობენ, გერმანულ-ფრანგული მეგობრობა – ევროპული ერთიანობის ძრავია.

ფრანგულ პოლიტიკასთან მიმართებაში პოლიტიკური მიმომხილველი ბუკა პეტრიაშვილი კითხვას სვამს:
„ცალკეული ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპაში არის ასეთი ვითარება: საფრანგეთის პრეზიდენტი გერმანიის კანცლერის წინააღმდეგ. რამდენად მწვავეა ეს უთანხმოება და რითია განპირობებული ემანუელ მაკრონის ამბიციები?
რასთან გვაქვს საქმე? ეს არის შიდა ევროპული დაპირისპირება საფრანგეთსა და გერმანიას შორის? ეს არის მაკრონის ამბიცია წარუძღვეს ევროპას ისტორიულ მომენტში
თუ კონკრეტულად ვერშემდგარი ქიმიაა, რომელიც უფრო მეტად იყო მაკრონსა და ანგელა მერკელს შორის?
მოჰყავთ მსგავსება მაკრონსა და შარლ დე გოლს შორის, რომ ის თანამედროვე ე.წ. „გალაითებული“ ნაპოლეონია. შეძლებს კი ასწიოს ეს თამასა და ტვირთი?“.

საფრანგეთის საგარეო ვექტორის შემობრუნებასა და მაკრონის ამბიციებზე გვესაუბრება დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი და პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გია ჯაფარიძე:

„ფრანგულ პოლიტიკაში უჩვეულო გამოცოცხლებაა. ისტორიულად საფრანგეთი ყოველთვის იყურებოდა სამხრეთით, სადაც მისი ყოფილი გავლენის კოლონიები იყო. ის არ ყოფილა ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთით იყურებოდა. აღმოსავლეთით მაყურებელი ყოველთვის გერმანია გახლდათ. ახლა რომ ვაკვირდებით, საფრანგეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში შემოვიდა შავი ზღვა, მათ შორის ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია. აქ მნიშვნელოვანია სომხეთის ფაქტორი, საფრანგეთში სომხური დიასპორის როლიდან გამომდინარე. ასეთ უჩვეულო ცვლილებას ვხედავთ საფრანგეთის პოლიტიკაში. რამდენად შეძლებს, ამაზე საწინააღმდეგოც შეგვიძლია ვთქვათ და არასაწინააღმდეგოც, რადგან ორივე შეიძლება მოხდეს. ფაქტია, მაკრონი 2027 წლის არჩევნებისთვისაც ემზადება. მაკრონთან მიმართებით შესაძლოა მომენტის ისტორიულობის განცდა თავის როლს თამაშობდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში საფრანგეთისგან რუსეთთან მიმართებაში ასეთი განცხადებები დიდი ხანია არ მოგვისმენია. შესაძლებელია აქ აშშ-ს ფაქტორიც იყოს. თუ მოვლენები არასასურველი სცენარით წავიდა, მაშინ ევროპას მოუწევს ფიქრი იმაზე, რაზედაც უფიქრია, მაგრამ არ გაუკეთებია. აქ უნდა გავიხსენოთ გასული საუკუნის 50-იანი წლები, როდესაც ევროპული ინტეგრაციის აი ამ პროექტს ეყრებოდა საფუძველი, მაშინ ფრანგები იყვნენ ინიციატორები, ასე ვთქვათ, თავდაცვითი გაერთიანების და არ განხორციელდა, რადგან საფრანგეთის სენატმა დაბლოკა. მაშინ ფრანგებმა საკუთარი ინიციატივა თავისივე ხელით დაბლოკეს“.

წყარო: „ლე მონდი
ფოტო: economist

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები