LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სომხეთი ევროკავშირს მიადგა: რა როლი ეკისრება და რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის

146
??????????

სომხეთმა შესაძლოა ევროკავშირში შესვლაზე განაცხადი შეიტანოს. მედიაში გაჩნდა კიდეც განაცხადის შეტანის მიახლოებითი თარიღი – არაუგვიანეს 2024 წლის შემოდგომისა.
ამა თუ იმ ქვეყნის ინტეგრაციის შესახებ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვანი თანხმობა სჭირდება, მაგრამ 13 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ერევნის განაცხადს მხარი დაუჭიროს. ევროპარლამენტში აღნიშნეს, რომ ისინი საკმაო ხანია სომეხ პოლიტიკოსებთან მუშაობენ და რომ მრავალი შეხვედრა გამართეს.

რაც შეეხება ექსპერტების მოსაზრებებს, მათ ეს პერსპექტივა ბუნდოვნად მიაჩნიათ, რადგან ამჟამად ევროკავშირში გაწევრიანების ერთბაშად 10 კანდიდატია, ხოლო ბრიუსელი დაინტერესებულია კავკასიაში რუსეთის გავლენის შესუსტებაში.

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი TRT World-თან ინტერვიუში ამბობს:
„სომეხ ხალხს აქვს ევროპული სწრაფვა. ჩვენ გავდივართ ამ პროცესს და ვნახავთ როგორი დასასრული ექნება. ამას ვერავინ იწინასწარმეტყველებს, დარწმუნებული ვერავინ იქნება“ (ციტატა – Arminfo).
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ერევნისთვის მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება, პარტნიორების წრის გაფართოება და ამასთან ერევანი ინარჩუნებს ტრადიციულ კავშირებს და „იყურება აღმოსავლეთითაც“.

რამდენად რეალისტურია სომხეთის ეს მისწრაფება და რა წინააღმდეგობებია, რა სისწრაფით შეიძლება შემობრუნება და ამ გეზის აღება?

ამ საკითხზე „ფორტუნას“ დიპლომატი, საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის თანახელმძღვანელი და პროფესორი, ილია ჭავჭავაძის ცენტრის უფროსი მკვლევარი გია ჯაფარიძე ესაუბრა:

„ეს საერთო ევროპული კონტექსტია. რომ გადავავლოთ თვალი დოკუმენტებს, ასევე გავითვალისწინოთ პირადი საუბრები აკადემიურ და საექსპერტო წრეებში, ყველგან პრიორიტეტულ საკითხებში, რაც აქვს ევროპის კავშირს, გახლავთ დასავლეთ ბალკანეთი, შავი ზღვის რეგიონი. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია.

მივესალმებით სომხეთის ამ არჩევანს. ერთის მხრივ, შესაძლოა ეს იძულებითი არჩევანია მას შემდეგ, რაც ყარაბახის საკითხი ისე გადაწყდა, როგორც გადაწყდა. თუმცა პირადად ასე არ ვუყურებ. მგონია, რომ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ უკვე შეინიშნებოდა სიახლეები სომხეთის ხელისუფლებაში.
ცვლილებები აისახება ჩვენთან მიმართებაშიც, უკრაინასთან, სხვა საერთაშორისო საკითხებზე. 2018 წელს ანგელა მერკელის ჩასვლაც ამას უკავშირდებოდა და ეს იყო ნიშანი იმის, რომ სომხეთში ცვლილებების დრო დადგა.

ევროპის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და მხარს უჭერს სომხეთის ევროპულ ინტეგრაციას. აქ ერთი მომენტი ის არის, რომ რაც ჩვენ წლები დაგვჭირდა, სომხეთმა ის შეიძლება რამდენიმე თვეში გაირბინოს, დრო განსხვავებულად დაჩქარებულია.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთი რჩება ერთადერთ სახელმწიფოდ, სადაც ასე ვთქვათ, რუსული სამხედრო ბაზა ლეგალურად იმყოფება. არსებობს წინაღობები, მათ შორის თავად სომხეთშიც, დიდია რუსული ინფილტრაცია (გადატანითი მნიშვნელობით, რაიმეს შეღწევა მისთვის არადამახასიათებელ გარემოში).

სომხეთი აკეთებს იმას, რაც არასდროს გაუკეთებია. რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა შეხვდება და ეს წინააღმდეგიბა იქნება მართული, დაგეგმილი და ორგანიზებული რუსეთის მხრიდან. მაგრამ ერთი, რომ ფაშინიანი და პოლიტკური ელიტა ამისთვის მზადაა და გაცნობიერებული აქვთ სირთულეები, და მეორე – ვინც წინააღმდეგობას უწევს, იმდენად დისკრედიტირებული პოლიტიკური ძალებია, რომ მათ არ აქვთ სახალხო მხარდაჭერა სომხეთში. მესამეც, ეს არის ევროპის კავშირის ფაქტორი და ის არ იქნება პასიური, ზუსტად იციან, რომ სომხეთის მხარდასაჭერად ძალისხმევა უნდა გაიზარდოს.

აქ ჩვენთვის ერთი მომენტია ძალიან საინტერესო. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ უნდა ამოვარდეთ შავი ზღვის არაფორმალური სამეულიდან. უნდა ვიყოთ მიბმული უკრაინა- მოლდოვას. სხვა შემთხვევაში შეიძლება დავწყვილდეთ სომხეთთან, რომელსაც ალბათ დასჭირდება გარკვეული დრო, ჩვენ კი ეს დრო დასაკარგი არ გვაქვს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სომხეთის ევროპული ინტეგრაცია უზრუნველყოფილი იყოს რა საშუალებებიც გაგვაჩნია და ჩვენ გვაქვს ამის საშუალებები: დიპლომატიური რესურსი, გამოცდილება, შეგვიძლია გარკვეული საკითხების ლობირება. რა თქმა უნდა, თემა დელიკატურია, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მეზობლები, მაგრამ შეგვიძლია დიპლომატიით ისე გავაკეთოთ ეს საქმე, რომ ყველა მხარე მოგებული დარჩეს“.

ფოტო: euneighbourseast
massispost

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები