საფრანგეთის სონ-ე-ლუარის დეპარტამენტის ჟანდარმერიამ მძღოლები უჩვეულო საგაზაფხულო საშიშროების შესახებ გააფრთხილა – გზებზე შესაძლოა გამოჩნდნენ ირმები, რომლებიც ფერმენტირებული კენკრის, მცენარეების ან ხის კვირტების ჭამის შემდეგ დეზორიენტირებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. სიახლის შესახებ The New York Times-ი წერს.
გაფრთხილების მიზეზი გახდა ჟანდარმერიის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ირემი წრეებზე დარბის, ეცემა და აშკარად უჭირს გარემოში ორიენტირება.
„საგზაო მოძრაობის ყველა მონაწილე ფხიზელი არ არის“, – ხუმრობით აღნიშნეს სამართალდამცავებმა და დასძინეს, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ცხოველების ქცევა სრულიად არაპროგნოზირებადია.

სპეციალისტების თქმით, ირმებმა შეიძლება მოულოდნელად გადაკვეთონ გზა, გაურკვეველი ტრაექტორიით იმოძრაონ, გაჩერდნენ სავალ ნაწილზე ან მოულოდნელად მიმართულება შეცვალონ. მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით სახიფათოა ღამით, ტყის სიახლოვეს და მეორეხარისხოვან გზებზე.
ჟანდარმერია მძღოლებს ურჩევს, ასეთ ადგილებში სიჩქარე შეამცირონ, გზის ორივე მხარეს ყურადღებით დააკვირდნენ და ცხოველთან შეხვედრისას საჭე მკვეთრად არ მოატრიალონ.