LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეძლო გამოძიებაზე არსებითი გავლენის მოხდენა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა“ – SJC თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე

143
თერმირლან მაჩალიკაშვილი

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება“- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC) ავრცელებს.

აღნიშნული განცხადებით, SJC სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების განახლებას:

საგამოძიებო სამსახური: თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების განახლება მიზანშეწონილი არ არის

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც მაჩალიკაშვილების ოჯახის ინტერესებს იცავს გამოძიებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წინაშე, მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო  სამსახურის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და ის აგრძელებს, ამ საქმეზე უსამართლო, არაეფექტიანი და პოლიტიზირებული მართლმსაჯულების ტენდენციას.

ამავდროულად, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არ არის დამოუკიდებელი უწყება და მას არ აქვს ინსტიტუციური რესურსი გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულების მძიმე და პოლიტიზირებული საქმეები.    

„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ისე, რომ დაეყრდნო მხოლოდ თბილისის პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების მასალებს და  თავად არ უწარმოებია ყოველმხრივი, სრული და დამოუკიდებელი გამოძიება.

ამ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 1 წელი მოანდომა.  ამ პერიოდის განმავლობაში, უწყებას არც ერთი  ჩვენი შუამდგომლობისთვის და განცხადებისთვის არ უპასუხია. ამასთან, უწყებამ არც თემილან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები გამოკითხა.

ინფორმაცია გამოძიებაზე უარის შესახებ ცნობილი გახდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფეისბუქ გვერდიდან. ამ საქმეზე უწყების მუშაობის მანერა, თავის მხრივ, მისი პოლიტიზირებისა და მიუკერძოებლობის პრობლემას აჩვენებს. 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიღებული გადაწყვეტილება არის ფორმალური, არასათანადოდ შესწავლილი, უსაფუძვლო  და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებასთან.  

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის სტანდარტების დარღვევის გამო მიიჩნია, რომ საქმეზე დაირღვა სიცოცხლის უფლების პროცედურული ასპექტი  და ჩათვალა, რომ სწორედ არაეფექტიანი გამოძიების გამო შეუძლებელია ცალკეულ საკითხებზე, მათ შორის, სიცოცხლის უფლების არსებით ნაწილზე მსჯელობაც კი. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი იყო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გაეაზრებინა, რომ საქმეზე არსებითი დარღვევის დადგენა ევროპული სასამართლოს მიერ სწორედ გამოძიების ფუნდამენტური ხარვეზების და შესაბამისი მტკიცებულებების არ ქონის გამო ვერ მოხდა.

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სახელმწიფომ დაარღვია გამოძიების ფუნდამენტური პრინციპები… 

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მუშაობის მანერა და მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს უფრო ფართოდ ამ უწყების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის პრობლემას, რომელიც ვენეციის კომისიის, ევროკავშირისა და ადგილობრივი აქტორების მიერ არაერთხელ იყო გაკრიტიკებული.

ჩვენი მტკიცებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას შეეძლო გამოძიებაზე არსებითი გავლენის მოხდენა და თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სიმართლის დადგენა“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, სოციალური სამართლიანობის ცენტრი გეგმავს მყისიერად მიმართოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს, რათა მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოიცეს შუალედური რეზოლუცია მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი კომიტეტის სხდომაზე. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია დაველოდოთ მინისტრთა კომიტეტის შეფასებას და გადაწყვეტილებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გადაწყვეტილების მიმართ. კომიტეტთან კომუნიკაციაში სოციალური სამართლიანობის ცენტრი მათ შორის მოითხოვს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 46-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას, რომელიც კომიტეტს აძლევს შესაძლებლობას თავად მიმართოს ევროპულ სასამართლოს სახელმწიფოს მხრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულების დარღვევის დასადგენად. 

magti 5g