საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები დააკვირდებიან.
როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, არჩევნებისთვის მზადება საქართველოს მთავრობამ დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ აპრილის თვეში დაიწყო.
დამკვირვებლების გამოგზავნის თხოვნით ოფიციალური მოსაწვევი ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას, მათ შორის, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიას, ასევე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და პარტნიორ ქვეყანას გაეგზავნა. „ორი მოსაწვევი გაიგზავნა, ერთი აპრილში, სანამ თარიღი გამოცხადდებოდა, ხოლო მეორე – არჩევნების თარიღის: 2 ოქტომბრის ოფიციალურად გამოცხადებისთანავე”, – დასძინა ზალკალიანმა.
მისი თქმით, ეუთო-ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელობა თბილისშია და საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაიმართა მათთან შეხვედრა.
„ყველა პირობას შევქმნით იმისთვის, რომ ისინი ნორმალურ პირობებში, უსაფრთხოდ დააკვირდნენ პროცესს”, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.