“საგარეო საქმეთა სამინისტროს 26 მაისის დადეგენილებით დაევალა ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის საერთაშორისო თანამეგობრობასთან მიტანა იმ კონტექსტში, რომ ამ დადგენილებაში და პარლამენტის რეზოლუციით გათვალისწინებული ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს შემზღუდავი ზომების მიღებას სიაში წარმოდგენილ პირებთან მიმართებაში, იყოს ამოქმედებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან შესაბამისი ზომები,” – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, საგარეო უწყება სიის მირებამდეც აქტიურ კომუიკაციას აწარმოებდა ამ მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორებთან და გარკვეული შედეგებიც მიღწეულია. მინისტრი ამბობს, რომ მიღებულია დამგმობი განცხადებები და საკითხი განხილულია სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე. ამ კუთხით მან ხაზი გაუსვმა ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც სიაში წარმოდგენილ პირებმა სანქციების დაწესებისკენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციას იმ თვალსაზრისით, რომ მიღებულ იქნას ზომები ამ სიაში წარმოდგენილ პირთა მიმართ. ჩვენ ვიმყოფებით მჭიდრო კონტაქტში ჩვენს პარტნიორებთან და დარწმუნებული ვარ ამ მიმართულებით მნიშნელოვანი, ხელსაშესახები შედეგები გვექნება,” – განაცხადა ზალკალიანმა.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, შემზღუდავი ღონიძიებების აღსრულების თაობაზე პასუხისმგებელი უწყებები განისაზღვრა.
“ეს გახლავთ იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო , რომელიც ანგარიშს წარუდგენს პერიოდულად როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს ამის აღსრულების თაობაზე. ძალიან მნიშნელოვანია ისიც, რომ სია არ არის დახურული, ღიაა. რამდენადაც სამართალდამცავი უწყებების მიერ გრძელდება გამოძიება და შესაძლებელია სია გაფართოვდეს, დაემატოს სხვა პირებიც,” – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.