LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საგრადა ფამილია”: მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული მშენებლობის საინტერესო ფაქტები

spain-attraction-la-sagrada-familia-1517554708-1000X561

როგორც ჩანს, წმინდა ოჯახის ტაძარი, რომლის მშენებლობა საუკუნეზე მეტია გრძელდება, მხოლოდ 2026 წელს შეიძენს კანონიერ სტატუსს, მანამდე კი, რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ ტაძრის მშენებლობის ისტორიიდან.

ბარსელონას მთავარი სიმბოლო და ანტონიო გაუდის ცნობილი შედევრი – წმინდა ოჯახის ტაძარის მშენებლობა 1882 წლის 19 მარტს დაიწყო ეშამპლეს რაიონში, რომელიც იმ პერიოდში მხოლოდ ბარსელონას გარეუბანი იყო. სავარაუდოდ, ტაძრის მშენებლობა 2016 წლის 10 ივნისს, გაუდის გარდაცვალებიდან მე-100 წლისთავზე დასრულდება.

ტაძრის მშენებლობა არა ანტონიო გაუდიმ, არამედ ფრანსისკო პაულა დე ვილიარმა დაიწყო, რომელიც ლათინური ჯვრის ფორმის ნეოგოთიკური ბაზილიკის აგებას გეგმავდა, თუმცა დამკვეთთან – წმინდა იოსების მწერალთა სულიერ ასოციაციაციასთან უთანხმოების შემდეგ უარი თქვა მუშაობაზე და 1883 წელს პროექტი ანტონიო გაუდის გადააბარა.

ტაძარი, რომელიც ეკლესიის ფინანსური მხარდაჭერის გარეშე, ათწლეულების მანძილზე მხოლოდ ადგილობრივების შემოწირულობების ხარჯზე შენდებოდა, პაპმა ბენედიქტ XVI-მ 2010 წელს აკურთხა და ოფიციალურადაც გახსნა ღვთისმსახურებისთვის.

ანტონიო გაუდი წლების მანძილზე მუშაობდა ტაძრის პროექტზე და 18 კოშკის აგება ჩაიფიქრა, რომელთაგან 12  მოციქულებს ეძღვნებოდა, 4 ევანგელისტებს, ერთი – იესო ქრისტეს, ორი კი – ღვთისმშობელს. სამწუხაროდ არქიტექტორმა მხოლოდ „შობის“ ფასადის ნაწილობრივ გაკეთება მოასწრო, 1926 წლის 10 ივნისს კი, 73 წლის ასაკში ბარსელონაში ამოქმედებულ პირველ ტრამვაის ემსხვერპლა. გაუდი „საგრადა ფამილიას“ კრიპტაში დაიკრძალა, დღეს კი, მისი ნეშტი ქალწულ კარმენის კაპელაშია დასვენებული.

გაუდი, რომელიც მაქსიმალურად ცდილობდა ბუნებრივობის შენარჩუნებას, მოდელებს სკულპტურული ჯგუფებისთვის ყოველთვის რეალურ ცხოვრებაში ეძებდა. ამბობენ, თითქოს პილატე პონტოელის პროტოტიპად ნაცნობი მწყემსი, იუდად –  ეკლესიის დარაჯი ალკოჰოლიკი ჟოზეპი აქცია, თაბაშირის ნაძერწისთვის კი, რომელთაგან მოგვიანებით ქვის ფიგურები ითლებოდა, ქლოროფილით აბრუებდა ცოცხალ წიწილებს ან ქუჩაში აგროვებდა დახოცილ ჩიტებს და ყოველთვის თავზარს სცემდა სახელოსნოს სტუმრებს, რომელთაც რიგში ჩაწყობილი თაბაშირის გონჯები დათვალიერებას სთავაზობდა.

გაუდის შეგირდებისთვის, რომელთაც მძიმე თაბაშირის ფიგურების მუდმივად ზევით-ქვევით ზიდვა უწევდათ, ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა მშენებლობა. როგორც აღმოჩნდა, გაუდი მხოლოდ სიმაღლეზე აფასებდა საკუთარ ნამუშევრებს და მხოლოდ შემდეგ აძლევდა  სკულპრორებს თაბაშირის მოდელებიდან ქვის ფიგურების გამოთლის უფლებას.

ახალგაზრდობიდან რევმატიზმით დაავადებულ გაუდის ძალიან უჭირდა ხატვა და ხაზვა. შესაძლოა, სწორედ ამიტომ არ უყვარდა ნახაზები, უპირატესობას სამგანზომილებიანი მოდელებით მუშაობას ანიჭებდა და არა მხოლოდ თაბაშირით ძერწავდა, არამედ ჯაჭვით და ქვიშით სავსე ტომრებით ურთულეს დაკიდულ კონსტრუქციებსაც ქმნიდა. სწორედ ამგვარი დაკიდული მოდელების წყალობით შეძლო არქიტექტორმა დატვირთვის სწორად გათვლა და ტაძრის საყრდენების გარეშე აგება.

გაუდის ნახაზები, ესკიზები და თაბაშირის მაკეტები, სამოქალაქო ომის დროს განადგურდა, როცა ანარქისტთა ჯგუფი ტაძარში შევარდა და მიწისქვეშა კრიპტა, მშენებელთა ბავშვების სკოლა დაარბია და მაკეტებიც დააზიანა. არქიტექტორის მემკვიდრეობას 1939-1940 წლებში გაუკეთდა რესტავრაცია და სწორედ მათი წყალობით გაგრძელდა ტაძრის მშენებლობა.

ორიგინალობის მიუხედავად, „საგრადა ფამილია” ბევრს საერთოდ არ მიჩნდა არქიტექტურის შედევრად. ჯორჯ ორუელი, რომელიც მას „მსოფლიოში ყველაზე საზარელ შენობას“ უწოდა, ხშირად იმეორებდა, რომ „ანარქისტებმა უგემოვნება გამოავლინეს, როცა ტაძრის დანგრევის უნიკალური შანსი მიეცათ, მათ კი, მისი შენარჩუნება გადაწყვიტეს“.

„საგრადა ფამილია” ათწლეულების მანძილზე შენდებოდა უკანონოდ, რადგან არ არსებობდა მშენებლობის ოფიციალური ლიცენზია, თუმცა რამდენიმე წლის წინ ბარსელონას მერმა მაინც მოახერხა კონფლიქტის მოგვარება და ორწლიანი მოლაპარაკებაც „ისტორიული შთანხმებით“ დასრულდა – ტაძრის მესვეურები 10 წლის მანძილზე 36 მლნ. ევროს გადახდიან, საიდანაც 22 მლნ. ქალაქის სატრანსპორტო ქსელის განვითარებას, 7 მლნ. მეტროპოლიტენის გაუმჯობესებას, 4 მლნ – „საგრადა ფამილიას” მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობას, 3 მლნ. კი – წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოხმარდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g