LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჰაერო თავდაცვის კომპონენტში საქართველო და საფრანგეთი თანამშრომლობის მეორე ეტაპზე გადადის

ლევან იზორია

საჰაერო თავდაცვის მართვისა და კონტროლის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ მხარესთან მნიშვნელოვანი კონტრაქტი გააფორმა, რომლითაც ანტისაჰაერო სისტემების შესყიდვა გრძელდება. ხელშეკრულებას ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის დროს მოეწერა.

ლევან იზორიას განცხადებით, კონტრაქტში გაწერილი მიმართულებებით მომავალში უკვე შესაძლებელი იქნება ნატო-ს ერთიანი მართვისა და კონტროლის სისტემაში ინტეგრირება.

„ეს მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას საჰაერო თავდაცვის კომპონენტში, რაც არის მნიშვნელოვანი გარანტია ჩვენი საჰაერო სივრცის დაცულობისა და ამით საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობისა“, – აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ვიზიტის ფარგლებში, საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის რეზიდენციაში „ოტელ დე ბრიენი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა, რის შემდეგაც ლევან იზორიამ და ფლორანს პარლიმ საფრანგეთსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტის ლოგისტიკური უზრუნველყოფის შესახებ ტექნიკურ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

ლევან იზორიას თქმით, საქართველო კვლავაც ერთგული რჩება იმ წვლილის, რომელიც მას ევროკავშირთან ერთად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მიზნით შეაქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g