სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრის განხილვა დაიწყო – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ ონიანის თქმით, სასამართლოს შეფასებით, მოცემულ საქმეს შეიძლება მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე სტატუსი მიენიჭოს.
„საია წარდგენილ საჩივარში მიუთითებდა, რომ ჩატარებული არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ საკუთარი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებამ მასობრივად დაარღვია კენჭისყრის ფარულობის ფუნდამენტური პრინციპი, ხოლო საარჩევნო დავების განხილვის დროს დაირღვა საარჩევნო დავების ეფექტიანი მექანიზმით განხილვის უფლება.
საია საჩივარში ასევე დავობდა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებულო ბლანკეტური განაწესი, რომელიც მოქალაქეებს საარჩევნო დავაზე საჩივრის წარდგენის შესაძლებლობას უზღუდავს, არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მოთხოვნებს“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
მისივე თქმით, სასამართლო ასევე იმსჯელებს და შეაფასებს, არღვევს თუ არა ხმის მიცემის უფლებას საზღვარგარეთ არასაკმარისი რაოდენობის საარჩევნო უბნების გახსნა.
„სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე პოზიციის წარდგენისთვის სახელმწიფოს ვადა განუსაზღვრა 2026 წლის 15 მაისამდე. სტრასბურგის სასამართლომ წარდგენილი საჩივრები მცირე დროში მიიღო არსებითად განსახილველად. აღნიშნული ხაზს უსვამს სასამართლოს მხრიდან საქმის პრიორიტეტულობას და იძლევა შესაძლებლობას საერთაშორისო სასამართლოს მიერ შეფასდეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დროს გამოვლენილი ფარულობის სისტემური დარღვევა და საარჩევნო კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, რაც არღვევს კონვენციური უფლებებით დაცულ სფეროს“, – განაცხადა თამარ ონიანმა.
