LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინვესტიციო პოტენციალი ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესურების წარმოების სექტორში

128

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიამ KPMG ჩაატარა კვლევა საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ ფეხსაცმლის, ჩანთებისა და აქსესუარების წარმოების სექტორში.

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ გაკეთდა ანალიზი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში, მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე პროდუქტების გამოსავლენად ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების მიმართულებით. ანალიზის შედეგად გამოვლენილ იქნა ფეხსაცმელების, ჩანთების და აქსესუარების წარმოების სექტორი, რის შემდეგაც საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია KPMG ის მიერ მომზადდა კვლევა, რომელიც მოიცავს მსოფლიოს და საქართველოს ბაზრის ანალიზსა და საინვესტიციო წინადადებებს 3 ქვე-სექტორში: ტყავის ფეხსაცმლის, სპორტული ფეხსაცმლისა და სამგზავრო ჩანთების წარმოება.

მთავარი უპირატესობები, რასაც საქართველო სთავაზობს ინვესტორებს აღნიშნული მიმართულებით არის:

1. საბაჟო გადასახადის გარეშე წვდომა პოტენციურ საექსპორტო ბაზრებზე -ფეხსაცმელებსა და ჩანთებზე იმპორტის გადასახადი აღწევს 17-30%, ხოლო საქართველოში წარმოშობის სტატუსის ქონის შემთხვევაში, აღნიშნული პროდუქცია ნულოვანი ტარიფით ისარგებლებს იმ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების საფუძველზე, რაც საქართველოს აქვს 2,3 მილიარდიან ბაზართან.

2. ბიზნესის ოპერირებასთან დაკავშირებული კონკურენტული დანახარჯები – საშუალო დარიცხული ხელფასი ჩანთების წარმოების მიმართულებით არის 290 დოლარი, ხოლო 450 ჩანთების წარმოების შემთხვევაში. 1 კვტ/ს ელექტოროენერგიის ღირებულება ინდუსტრიული მოხმარებისთვის არის დაახლოებით 6-8 დოლარ ცენტი.

3. ლიბერალური საგადასახადო გარემო-საქართველოში მოგების გადასახადი 0%-ს რეინვესტირების შემთხვევაში, ხელფასი კი იბეგრება 20% -იანი ფიქსირებული საშემოსავლო გადასახადით. აგრეთვე, მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც დაწესებულია თავისუფალ ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე.

4. სამთავრობო მხარდაჭერის მექანიზმები – პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ინვესტორს შეუძლია ისარგებლოს როგორც ინფრასტრუქტურული, ისევე ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმით. აგრეთვე, პოტენციურ ინვესტორებს აქვთ შესაძლებლობა, ითანამშრომლონ „საპარტნიორო ფონდთან“ საინვესტიციო პროექტებში თანამონაწილეობის გზით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს მასშტაბით სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები ახორციელებენ პროგრამებს სამკერვალო მიმართულებით.

ცნობისთვის, მსოფლიოს და საქართველოს ბაზრის ანალიზის შემდგომ საკონსულტაციო კომპანია KPMG-ის მიერ მომზადდა სამი საინვესტიციო შეთავაზება მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვე-სექტორში, კერძოდ ტყავის ფეხსაცმლის, სპორტული ფეხსაცმლისა და სამგზავრო ჩანთების წარმოების მიმართულებით. საინვესტიციო შეთავაზება მოიცავს ფინანსურ მოდელს საწარმოსთვის, რომელიც წლის განმავლობაში აწარმოებს 6-დან 8 მილიონამდე ერთეულ პროდუქტს. ასევე წინასწარ შერჩეულ სახელმწიფო მიწებს, რომლებიც მოაზრებულია პოტენციური ინვესტორისთვის გადასაცემად აღნიშნული პროფილის საწარმოს მშენებლობისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g